,,ბაჩოს უკანასკნელი სიტყვები იყო..“ - ლიკა კუჭუხიძის ემოციური ინტერვიუ
1774901628
ქართველი ნეონაცისტები და მორიგი სპეცოპერაციის დეტალები - არასრულწლოვნის თხოვნამ გაჩერებულიყვნენ არ გაჭრა. სასტიკად სცემეს, ქვებითა და კასტეტებით თავში ურტყამდნენ.
წამება მაშინაც კი არ შეწყვიტეს, როდესაც გონებადაკარგული ბავშვი ასფალტზე დაეცა. მეტიც, წაქცეულს ჯიბეებიდან პირადი ნივთები და თანხა მოჰპარეს, შემდეგ კი გაიქცნენ. ფაშისტური იდეოლოგიის მოძალადეებს შორის არიან არასრულწლოვნებიც.
დანაშაულებრივი ჯგუფი სასტიკად უსწორდებოდა ყველას, ვინც ფაშისტურ იდეოლოგიას არ იზიარებდა. მსხვერპლებს სცემდნენ და იყენებდნენ დამცირების სხვადასხვა მეთოდს. ძალადობის კადრებს მობილურით თავადვე იღებდნენ და შემდეგ მასალას სოციალურ ქსელებში ავრცელებდნენ.
ძალადობრივ დაჯგუფებაში გაწევრიანებულები იყვნენ არასრულწლოვანი გოგოებიც. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ კადრებში კარგად ჩანს, რომ ისინი მსხვერპლებს განსაკუთრებული სისასტიკით უსწორდებიან.
რა მიზნით იმეტებდნენ დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები თანატოლებს, ცნობილია. ნეონაცისტებს გავლენების გაძლიერება და ფაშისტური იდეოლოგიის გაძლიერება სურდათ. მათი მსხვერპლი 10-მდე ახალგაზრდაა, უმეტესობა - მოზარდი.
დანაშაულებრივი ჯგუფის ყველა წევრი, რომელიც მობილურით გადაღებულ კადრებში ჩანს, პოლიციამ დააკავა. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა 13 პირი აიყვანეს, აქედან 7 არასრულწლოვანია.
შინაგან საქმეთა სამინისტროში ჩატარებული ბრიფინგით ირკვევა, რომ ხშირად მოძალადეთა დაჯგუფებებს ერთმანეთში უთანხმოება ჰქონდათ. ერთი იდეოლოგიის ქვეშ გაერთიანებული ახალგაზრდები თანამოაზრეებს ბლაგვი საგნებით უსწორდებოდნენ.
სამოქმედო არეალი ძირითადად თბილისი იყო - მიტოვებული შენობები და ჩიხები. დანაშაულის ერთ-ერთი ადგილი გურამიშვილის ქუჩაა. ე.წ. "დომბიტის" შენობის უკან მოძალადეებმა ახალგაზრდა მამაკაცს სასტიკად სცემეს.
ბრალდებულები სამართალდამცველებმა სახლებიდან აიყვანეს. მათ დასაკავებლად პოლიცია რამდენიმე მისამართზე იყო მობილიზებული, მათ შორის დადიანის, ახმეტელის, წულუკიძის და გომბორის ქუჩებზე.
დაკავებულების ბინებიდან პოლიციამ ცეცხლსასროლი და ხმოვანი იარაღები, დანები, კასტეტები, ნიღბები, მობილურები, ელექტრო მოწყობილობები და ნაცისტური სიმბოლიკის ნივთები ამოიღო.
დაკავებულებს უკვე შეხვდნენ ინტერესების დამცველები. საქმის მასალებზე ადვოკატები ჯერ არ საუბრობენ. ამ ეტაპზე უცნობია, აღიარებენ თუ არა ბრალდებულები დანაშაულს.
რადიკალური ფაშისტური დაჯგუფების 24 წევრი და მათი ლიდერები პოლიციამ რამდენიმე თვის წინაც დააკავა. ისინი უკვე სასჯელს იხდიან, თუმცა 4 მათგანს სამართალდამცველების მიერ მოპოვებული ახალი მტკიცებულებებით ბრალი დაუმძიმდებათ და პენიტენციურ დაწესებულებაში წარედგინებათ.
სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება 5 მუხლით გრძელდება: წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ ჯგუფურად ჩადენილი წამება, ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა-შენახვა-ტარება, ძალადობის ორგანიზება, ძარცვა და გამოძალვა - რაც 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.