რას ნიშნავს გარდაცვლილი ადამიანის სიზმარში ნახვა: ეზოტერიკოსი გვირჩევს, უნდა ვინერვიულოთ თუ არა
1767991226
თეირანი, მაშჰადი, ისპაჰანი, შირაზი, თავრიზი და ქარაჯი - უკვე მეთორმეტე დღეა, ირანის ოცდათერთმეტივე პროვინციის უმსხვილეს ქალაქებში და დასახლებებში მასშტაბური ანტისამთავრობო პროტესტი არ წყდება. ათასობით მოქალაქე ქვეყანაში არსებულ ეკონომიკურ კოლაფსს - ინფლაციას აპროტესტებს და ხელისუფლების ცვლილებას ითხოვს.
ციხეები, მერიები და გუბერნატორების ოფისები, რელიგიური ობიექტები, ბანკები, საქალაქთაშორისო მაგისტრალები, ტელევიზიისა და რადიოს ოფისები, გაზეთების რედაქციები, სამხედრო პუნქტები და პოლიციის განყოფილებები - ქვეყნის დასავლეთ, სამხრეთ-აღმოსავლეთ და ცენტრალურ ნაწილში მდებარე რეგიონებში დემონსტრანტები სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ობიექტების ხელში ჩაგდებას ცდილობენ.
პროტესტის ჩახშობას ხელისუფლება ძალის გამოყენებით ცდილობს. ძალოვანებმა დემონსტრანტებს სპეციალური საშუალებების ცრემლსადენი აირის, ხელკეტების და წყლის ჭავლის გარდა საბრძოლო იარაღიც დაუპირისპირეს. საპასუხოდ, დემონსტრანტები ქუჩებში ბარიკადებს აწყობენ, წვავენ ნაგვის ურნებს და საბურავებს. პროტესტის ნიშნად, ქალაქებში დაიხურა სასურსათო მაღაზიებიც.
ანტისამთავრობო პროტესტს ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი რეიდების სერიით დაუპირისპირდა. დემონსტრანტებს ხელისუფლება ისრაელისა და ამერიკის შეერთებული შტატების სასარგებლოდ ჯაშუშობაში ადანაშაულებს. საავადმყოფოებში, უნივერსიტეტების კამპუსებსა და საერთო საცხოვრებლებში, სავაჭრო ცენტრებსა და ბაზრებში, სულ, სხვადასხვა ბრალდებით, 2 277 მოქალაქე დააკავეს.
მოქალაქეებს პროტესტის გაძლიერებისკენ მოუწოდებს ირანის ბოლო შაჰის ვაჟი და ოპოზიციის ლიდერი. რეზა ფეჰლევი საერთაშორისო საზოგადოებას ფინანსური და დიპლომატიური რესურსით ირანის მოსახლეობის მხარდაჭერას სთხოვს.
მიმდინარე დემონსტრაციების ფონზე, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ ირანში შესაძლოა ხელისუფლება დაემხოს. განცხადება დონალდ ტრამპმა "ფოქს ნიუსთან" ინტერვიუში გააკეთა. ტრამპის ინფორმაციით, ქვეყნის სულიერი ლიდერი აიათოლა ალი ხამენეი ახლა გასაქცევ ადგილს ეძებს.
დონალდ ტრამპს უპასუხა ირანის სულიერმა ლიდერმა. მან ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს მოუწოდა, ირანის შიდა პოლიტიკის ნაცვლად, ამერიკაში არსებულ პრობლემებზე ფოკუსირდეს.
ვაშინგტონიდან ოფიციალურ თეირანს მიმართა ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე პრეზიდენტმაც. ჯეი დი ვენსმა ხელისუფლებას თეთრ სახლთან მოლაპარაკებების დაწყებისკენ მოუწოდა და დემონსტრანტებს მხარდაჭერა აღუთქვა.
ოფიციალურ თეირანს დემონსტრაციებზე დაღუპულების შესახებ ამ დრომდე ინფორმაცია არ გაუვრცელებია, თუმცა, უფლებადამცველი ორგანიზაციების მონაცემებით, შეტაკებებს, სულ მცირე, 45 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის 8 ბავშვი. სხვადასხვა მძიმე დაზიანება ასობით მოქალაქემ მიიღო.