1766497440
სოსო გიორგაძემ 2025 წლის „ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის“ ფინალისტი გუნდი „Swish“ დააჯილდოვა
„ათასწლეულის ინოვაციის კონკურსი“ წელს მეთერთმეტედ ჩატარდა. საქპატენტი მრავალი წელია თანამშრომლობს ათასწლეულის ინოვაციის ფონდთან, კონკურსის მუდმივი მხარდამჭერია და აქტიურადაა ჩართული ინოვაციებისა თუ ახალი ტექნოლოგიების განვითარებაზე მიმართული ღონისძიების განხორციელებაში. კონკურსის დაარსების დღიდან – 2014 წლიდან ჟიურის მუდმივმოქმედი წევრია საქპატენტის წარმომადგენელი – გამოგონებისა და ახალი ჯიშების დეპარტამენტის მექანიკისა და ფიზიკის სამმართველოს უფროსი ვასილ გიორგაძე.ამასთანავე, საქპატენტი მე-5 წელია მონაწილეობს საკონკურსო პროექტების შეფასებასა დაგამარჯვებული გუნდების შერჩევაში. უწყება ყოველ წელს აჯილდოებს კონკურსის ერთ-ერთ ფინალისტ გუნდს.
წელს დასკვნით, შემაჯამებელ ღონისძიებაზე, სადაც გამოავლინეს 2025 წლის გამარჯვებული გუნდები და გამოიფინა კონკურსანტების მიერ შექმნილი ობიექტები, საქპატენტის ხელმძღვანელმა სოსო გიორგაძემ საქპატენტის სპეციალური პრიზი და საჩუქრები გადასცა გენო ადამიას სახელობის სენაკის №1 საჯარო სკოლის გუნდს „Swish“, რომელმაც კონკურსზე წარადგინა მეთევზის ჭკვიანი მოწყობილობა და მულტიფუნქციური აპლიკაცია. პროექტი მოიცავს ჭკვიან მოწყობილობას, რომელიც წყალში ცურავსდა ზომავს გარემოს სხვადასხვა პარამეტრს, მაგალითად: წყლის ტემპერატურას, წყალში ჟანგბადის შემცველობას, თევზების მოძრაობის სიხშირესა და ა.შ. სისტემა არა მხოლოდ ამარტივებს თევზაობის პროცესს, არამედ ზრდის წარმატების ალბათობას. აპლიკაცია ამუშავებს მონაცემებს და ხელოვნური ინტელექტის მეშვეობით მეთევზეს აძლევს ინფორმაციას. აპლიკაციას, ასევე, აქვს თევზის ამოცნობის ფუნქცია: მეთევზე იღებს დაჭერილი თევზის ფოტოს, სისტემა კი განსაზღვრავს მის სახეობას და ამცნობს არის თუ არა ის იშვიათი ან დაცული.გუნდის „Swish“ შემადგენლობაში არიან: საბა გულბიანი, ლადო ადამია, სანდრო ხურცია და რევაზ ავალიანი.
კონკურსის გამარჯვებული და 1-ელი ადგილის მფლობელი გახდა სსიპ ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის №199 საჯარო სკოლის გუნდი „კლასტერები“ პროექტით„RescuedBy“. ეს არის დრონებზე დაფუძნებული, ხელოვნურ ინტელექტზე დამყარებული საძიებო-სამაშველო სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს დაკარგული ადამიანების სწრაფ და ეფექტიან აღმოჩენას რთულად მისადგომ რეგიონებსა და კატასტროფის ზონებში.
„ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის“ მიზანია უფროსკლასელებში საბუნების მეტყველო-საინჟინრო (STEM) დარგების მიმართ ინტერესის გაღვივება, მოსწავლე ახალგაზრდებში ინოვაციური და შემოქმედებითი უნარების წახალისება, გუნდური მუშაობის ჩვევების გამომუშავება და სამეცნიერო სფეროში ახალგაზრდა კადრების მოზიდვა.
კონკურსის ორგანიზატორია ათასწლეულის გამოწვევის ფონდი, რომელიც, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთან თანამშრომლობითა და ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით, ახორციელებს ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის პროექტს. ამასთანავე, საქპატენტთან ერთად, ღონისძიების მხარდამჭერები არიან საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო (GITA), ლიბერთი ბანკი და EPAM Georgia.











