„შენთან მინდა...“ - მოკლული გიორგი შაქარაშვილის დედა ემოციურ პოსტს აქვეყნებს

შაქარაშვილი

2020 წლის სასტიკად მოკლული 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის დედა სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს.

„შენთან მინდა...“, - წერს თამუნა შავლაშვილი. 

შეგახსენებთ, რომ 2020 წლის 18 ივნისს, გვიან ღამით, მცხეთის რაიონში, ნარეკვავის დასახლებაში არსებულ ერთ-ერთ აგარაკზე, სადაც დაბადების დღის წვეულება აღინიშნებოდა, ახალგაზრდებს შორის დაპირისპირება დაიწყო.

გიორგი შაქარაშვილის გაუჩინარების შესახებ, ოჯახმა პოლიციას 19 ივნისს მიმართა. ოთხდღიანი საძიებო სამუშაოების შემდეგ, 22 ივნისს, ის მდინარე არაგვში, გარდაცვლილი იპოვეს.

19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე, გასული წლის ივნისის ბოლოს სულ 17 პირი დააკავეს. მათ შორის, ექვსი არასრულწლოვანი. გამოძიება 4 მუხლით წარიმართა, თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის, ძალადობის, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და ჯგუფურად განხორციელებული განზრახ მკვლელობის მუხლებით.

მათგან ხუთ პირს, სასამართლომ გიორგი შაქარაშვილის განზრახ ჯგუფურად მკვლელობის ბრალდებით მიმდინარე წლის 9 მარტს დამნაშავედ ცნო და 16-16 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. 19 მარტს, ძალადობის ეპიზოდზე ბრალდებული პირებიდან ხუთს, მათ შორის გიგა ტატიაშვილს, თბილისის საქალაქო სასამართლომ პატიმრობა მიუსაჯა. ოთხ მათგანს ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთა, ერთს, კი 9 წლით.