შალვა პაპუაშვილმა სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო

პაპუაშვილი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან და თბილისის მერთან კახა კალაძესთან ერთად, სოხუმის დაცემის 32 წლისთავთან დაკავშირებით, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო და სამშობლოს ერთიანობისთვის დაღუპული მებრძოლების ხსოვნას პატივი მიაგო. ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

მემორიალთან ასევე იმყოფებოდნენ: აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე და საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები.

სამხედრო დაპირისპირება აფხაზეთში 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო. ბრძოლა 13 თვე და 13 დღე გაგრძელდა და 1993 წლის 27 სექტემბერს სოხუმის დაცემით დასრულდა.