სამართალდამცველებმა 50 მილიონზე მეტი ღირებულების 200 კილოგრამი „ჰეროინი“ ამოიღეს - დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე

შსს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურისა და შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებთან ერთად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით - 200 კილოგრამი „ჰეროინი“ ამოიღეს, - განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე დარახველიძემ სამინისტროში გამართულ გამართულ ბრიფინგზე.

„ამოღებული ნარკოტიკული საშუალების ღირებულება ე.წ. შავ ბაზარზე 50 მილიონს აღემატება.

აღნიშნულ ფაქტზე დაკავებულია ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქე, 1989 წელს დაბადებული მ.ბ. სამართალდამცველების მიერ ბრალდებულის მართვის ქვეშ არსებული სატვირთო ავტომობილიდან, რომელიც დატვირთული იყო „თევზის საკვებით“, ნანახი და ამოღებულია ტვირთში დამალული 8 ტომარა, რომელშიც 200 კილოგრამი ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“ იყო მოთავსებული. მოპოვებული მტკიცებულებებით დასტურდება, რომ აღნიშნული ავტომობილი საქართველოში ირანიდან, აზერბაიჯანის გავლით, სასაზღვრო გამტარ პუნქტ ,,წითელი ხიდიდან" შემოვიდა.

ჩვენ გავაგრძელებთ შესაბამის საგამოძიებო მოქმედებებს, დანაშაულში სავარაუდოდ ჩართული სხვა პირების გამოვლენისა და მათი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის მიზნით. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით და 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს", - განაცხადა ალექსანდრე დარახველიძემ.