საყურადღებო ინფორმაცია მართვის მოწმობებთან დაკავშირებით

martvis mowmoba

მიმდინარე წლის პირველი ნახევრის მდგომარეობით, საქართველოში მართვის მოწმობაზე მინიჭებული ქულათა რაოდენობა ჯამში 1 087 953 ადამიანს აქვს შენარჩუნებული. ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებშია საუბარი.

სტატისტიკის მიხედვით, ყველაზე მეტი 100-ქულიანი მართვის მოწმობა შენარჩუნებული აქვთ თბილისში. თუმცა დედაქალაქის მოსახლეობის სიმრავლიდან გამომდინარე ეს ლოგიკურიც არის. შესაბამისად, პროცენტულად ვერ ჩაითვლება, რომ თბილისში ყველაზე მეტი კანონმორჩილი მძღოლი ცხოვრობს.

დღეის მდგომარეობით საქართველოში მართვის მოწმობა 1.7 მილიონ ადამიანს აქვს. შესაბამისად, გამოდის, რომ ქულები მართვის მოწმობის მქონე ადამიანების დაახლოებით, 64%-ს აქვს სრულად შენარჩუნებული.

ამასთან, შსს- მონაცემებით, მიმდინარე წლის იანვარ-ივნისში მართვის მოწმობის ქულები 255 პირს სრულად ამოეწურა. სტატისტიკის მიხედვით, საანგარიშო პერიოდში ქულები დააკლდა 287 430 პირს.

მონაცემების თანახმად, მართვის მოწმობაზე ქულების დაკლების და ამოწურვის ყველაზე მეტი შემთხვევა თბილისში დაფიქსირდა. სტატისტიკის მიხედვით, დედაქალაქში მართვის მოწმობაზე მინიჭებული ქულები ჯამში 108 პირს ამოეწურა, ხოლო 85 572-ს დააკლდა.