1771531835
სასწრაფოს ექიმები ავარიას შემთხვევით შეესწრნენ და ადამიანი სიკვდილს გადაარჩინეს
სოციალურ ქსელში Facebook-გვერდი შენი სიცოცხლის გადასარჩენად კიდევ ერთი სასიხარულო ინფორმაციის შესახებ წერს: პოსტს უცვლელად გთავაზობთ:
„კიდევ ერთი შემთხვევა, სადაც დროულმა რეაგირებამ და გუნდურმა მუშაობამ გადამწყვეტი როლი ითამაშა.
თბილისის მე-7 რაიონული სამსახურის 0732 ბრიგადა პაციენტის გადაყვანას ახორციელებდა, როდესაც გზაზე განვითარებულმა მოულოდნელმა მოვლენამ ყველაფერი შეცვალა. მანქანამ მკვეთრად დაამუხრუჭა. ბრიგადის წევრებმა ფანჯრიდან გახედვისას ბორდიურს შეჯახებული ავტომობილი დაინახეს.
მძღოლი უგონო მდგომარეობაში იმყოფებოდა, ხოლო ავტომობილი ისე იყო დაზიანებული, რომ მძღოლის მხრიდან კარის გაღება ვერ ხერხდებოდა.
პარამედიკოსმა ირაკლი ხეჩიკაშვილმა წამებში შეაფასა მდგომარეობა და ავტომობილშივე დაიწყო რეანიმაციული ღონისძიებები. მისმა მეწყვილემ, უმცროსმა ექიმმა საბა ნიჟარაძემ, მოიტანა დეფიბრილატორი მონიტორზე პარკუჭოვანი ფიბრილაცია დაფიქსირდა. ვინაიდან 0732 ბრიგადა იმ მომენტში პაციენტის გადაყვანის პროცესში იყო ჩართული, საჭირო გახდა დამატებითი ბრიგადის გამოძახება. დამხმარე ბრიგადის მოსვლის შემდეგ, ორივე ჯგუფის კოორდინირებული და მაქსიმალური ძალისხმევით შესაძლებელი გახდა ავტომობილის გადმოგორება, მძღოლის მხარეს კარის გაღება და პაციენტის უსაფრთხოდ გადმოყვანა საკაცეზე.
რეანიმაციული ღონისძიებები არცერთი წამით არ შეწყვეტილა და სიცოცხლისთვის ამ უწყვეტმა ბრძოლამ შედეგი გამოიღო — აღდგა სუნთქვა და გულისცემა.
პაციენტი აღდგენილი სასიცოცხლო პარამეტრებით გადაიყვანეს კლინიკაში. გარკვეული პერიოდის შემდეგ ირაკლი ხეჩიკაშვილმა პაციენტი მოიკითხა და შეიტყო, რომ მამაკაცი თავს კარგად გრძნობდა და ბინაზე იყო გაწერილი.ეს არის ისტორია პროფესიონალიზმზე, სისწრაფეზე და იმ ადამიანებზე, რომლებიც ყოველდღიურად სიცოცხლისთვის იბრძვიან და კიდევ ერთი შემთხვევა, სადაც დროულმა რეაგირებამ და გუნდურმა მუშაობამ გადამწყვეტი როლი ითამაშა“,- წერს Facebook-გვერდი შენი სიცოცხლის გადასარჩენად.








