1780158784
„საქართველოში აქცენტები იმაზე უფროა, თუ რატომ აქვს ადამიანს სექსუალური ცხოვრება...“ - ნატალია ყიფშიძე
ინტერნეტსივრცეში ახალი ქართული სერიალი - "ცვალებადი ნიშნები" გამოჩნდა, რომელიც სტუდენტების ცხოვრების, მათი თავგადასავლების შესახებ გვიყვება. გამოცდილ და ახალბედა მსახიობებთან ერთად, სერიალში საზოგადოებისთვის ცნობილი ადამიანების შვილებიც მონაწილეობენ, მათ შორის - ნატალია ყიფშიძეც... "ცვალებადი ნიშნების" პირველივე ეპიზოდი საზოგადოების განხილვის საგანი გახდა, რის შესახებაც ნატალიამ ჟურნალთან "გზა" ისაუბრა.
- სერიალის - "ცვალებადი ნიშნები" - წარმომადგენლები დამიკავშირდნენ და კასტინგზე მისვლა მთხოვეს. რეჟისორს - სოსო ბლიაძეს და კასტინგის დირექტორს - გიორგი წერეთელს შევხვდი და სერიალის შესახებ ვისაუბრეთ... ძალიან დავინტერესდი. შემდეგ კასტინგებზე სხვადასხვა მსახიობთან ერთად დავდიოდი - სინჯებს ვიღებდით, ერთმანეთს როგორ "მოვერგებოდით". საბოლოოდ გავიგე, რომ ჩემს საუკეთესო მეგობართან - ლიტუკა თავაძესთან ერთად უნდა მეთამაშა. გამიხარდა. იმ დროს გავიცანი მარიამ იაკობაშვილი და მასაც იმ დღესვე დავუმეგობრდით... ჩვენ სამნი სერიალში ერთად ვთამაშობთ. მგონი, პროდუქტს ეტყობა, რომ მთელი შემოქმედებითი გუნდი ერთ ოჯახად შეიკრა, ერთმანეთის მიმართ ყველას მეგობრული დამოკიდებულება აქვს.
- ვინ არის თქვენი პერსონაჟი? ერთმანეთთან რა საერთო გაქვთ?
- ჩემს პერსონაჟს ნათია ჰქვია. ჩემგან რადიკალურად განსხვავებული ადამიანია. ის ხალხს აბულინგებს, რაღაცებზე ეღადავება, სხვების პირად სივრცეებში შედის... ალბათ, ჩვენი საერთო თვისება მხოლოდ გამბედაობაა. ის ფაქტი მახარებს, რომ ჩემი თავისგან რადიკალურად განსხვავებული ადამიანის როლს ვთამაშობ, რაც მგონი, გამოცდილების მისაღებად საინტერესოა.
- სერიალის პირველივე ეპიზოდში, გოგონები "ღიად" საუბრობენ სექსზე, ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას უზიარებენ. რეალურად, თქვენი თაობის წარმომადგენლები ასეთი გულახდილები ხართ?
- ყველაზე ვერ ვიტყვი, მაგრამ არ არსებობს თემები, რომლებზეც მე და ჩემი მეგობრები არ ვსაუბრობთ, ოჯახური პრობლემების გარდა, რომლებიც ალბათ, არც მეგობრებთან და არც სხვა ადამიანებთან განსახილველი არ არის. მიმაჩნია, რომ საუკეთესო მეგობრისთვის სექსუალური გამოცდილების გაზიარება პრობლემას არ წარმოადგენს, რადგან ეს ის ადამიანია, ვისთანაც შეგიძლია "გახსნილი" იყო, რჩევა ჰკითხო ან პირიქით - თავად ურჩიო... სერიალის იმ კონკრეტულ სცენაში ნენეს პერსონაჟზე ცუდად ვმოქმედებთ - ვაჩვენებთ, რომ სექსუალური ცხოვრების დაწყების პროცესი უნდა დააჩქაროს, რაც რეალურად, მხოლოდ მისი გადასაწყვეტია. ნენეს პირად სივრცეში ძალიან ვერევით, რაც არასწორია. ამ სცენიდან მაყურებელმა ეს უნდა გაიაზროს...
- სამეგობროში, სანაცნობოში გქონიათ შემთხვევა, როცა გოგონას აბულინგებენ იმის გამო, რომ ჯერ არ დაუწყია სექსუალური ცხოვრება?
- ყველანაირი ბულინგის შემთხვევა ყოფილა, რაც პირადად მინახავს: რატომ არ აქვს სექსუალური ცხოვრება ან პირიქით - რატომ აქვსო?! ეს საკითხი თავად ადამიანმა უნდა გადაწყვიტოს. საერთოდ, ამ თემაზე თუ ისაუბრებს, ესეც მისი გადასაწყვეტია... არ მოგატყუებთ: საქართველოში აქცენტები იმაზე უფროა, თუ რატომ აქვს ადამიანს სექსუალური ცხოვრება და არა - რატომ არ აქვს, მაგრამ მომწონს, რომ სერიალის მაყურებელმა საკითხის ეს მხარეც დაინახა. სერიალში სექსზე "ღიად" კი ვსაუბრობთ, მაგრამ მხოლოდ იმ მიზეზით, რომ ახალგაზრდობას დაუსმელი შეკითხვები არ ჰქონდეს, რაც მათზე ცუდად მოქმედებს. ყველაზე მკაფიოდ რა პრობლემასაც ვხედავდი, ის იყო, რომ 90-იან წლებში, საქართველოში სექსუალური გამოცდილების მიღების მიზნით, ადამიანები ნაადრევად ქორწინდებოდნენ. ქალებს შესაძლებლობა აღარ ჰქონდათ, სწავლა დაესრულებინათ, კარიერა აეწყოთ... სექსზე ტაბუდადებული თემები ბევრ საკითხს ეხება. მგონია, რომ ასეთი "ღია" საუბარი ახალგაზრდებს გარკვეულ მარტივ პრობლემებს თავიდან აარიდებს. უბრალოდ, ქართველებისთვის ეს თემები აზრობრივად ცოტათი რთულია. ბევრს მოუწერია, რომ ეს სერიალი ახარებს, მაგრამ ბევრი ისეთი კომენტარიც მივიღე, რომ საშინელებაა, რასაც ვაკეთებთ. დარწმუნებული ვიყავი, მსგავსი აზრებიც გაჩნდებოდა - ეს გარდაუვალი იყო.
ასევე დაგაინტერესებთ:
VIDEO: „მე არ მეგონა, თუ ასე ძნელი იყო სიკვდილი...“ - სოციალურ ქსელში ლუკა ლაცაბიძის ვიდეო ვრცელდება
„დამპირდი, რომ ქორწინებიდან 35 წელიწადშიც ასე ვივლით“ - თათია შარანგია მეუღლეს მიმართავს












