თამარ ჩერგოლეიშვილი სააკაშვილზე: ერჩის ყველას და ყველაფერს, სადაც მას არ აღიარებენ კერპად და სადაც მისი ახირებების გარშემო არ დარბიან

ტაბულას რედაქტორი

მელია-სააკაშვილი და უკვე წითლიძე- გვარამია. ყოფილ და მოქმედ ნაციონალებში დაპირისპირების არეალი ფართოვდება. სოციალურ ქსელში ერთმანეთის მიყოლებით ვრცელდება ოპოზიციური ალიანსის ლიდერების განცხადებები, რომლებიც ერთმანეთს აკრიტიკებენ.

ნიკა მელია ექსპრეზიდენტს "თავის ეგოზე ზრუნვით ორსულ" "ღალატის მოყვარულ" ადამიანს უწოდებს, რომელიც არა სამშობლოს, არამედ საკუთარი ინტერესების შესაბამისად მოქმედებს. სააკაშვილის თანაგუნდელი წითლიძე კი მელიაზე წერს, რომ რთულია უყურო ადამიანის ასეთ დაცემას.

სოცქსელებში აქტიურობს ბრალდებული და მსჯავრდებული მესამე პრეზიდენტიც. მიხეილ სააკაშვილი, მელიას პოსტის საპასუხოდ, ამბობს, რომ "არსებობენ პოლიტიკანები და პოლიტიკოსები... პოლიტიკანები ადვილად იცვლიან შეხედულებებს, დაიარებიან პარტიიდან პარტიაში."

მარათონს არც ნიკა გვარამია ჩამორჩა, რომელმაც დაწერა, რომ ყველაზე მეტი სალაპარაკო რეალურად მას აქვს, უბრალოდ, წივილ-კივილით მოგებული ბრძოლის არ სჯერა.

"ფედერალისტური პარტიის“ თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარე თამარ ჩერგოლეიშვილი აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილს განდიდების მანია აქვს.

"ადამიანს, რომელსაც განდიდების მანია აქვს, ურჩევნია, რომ სხვებს - მის კრიტიკოსებს, მისგან დაკომპლექსებულები ეძახოს. ვიცოდი, რომ ეს მოხდებოდა და ვიცოდი, რომ ოპოზიციური ავტოკრატია ასე სამარცხვინოდ ჩაირეცხებოდა. აქ ის ერთ-ერთია და არა ერთადერთი, ანუ მას არ აქვს დომინაცია, შესაბამისად, ის ერჩის ყველას და ყველაფერს, სადაც მას არ აღიარებენ კერპად და სადაც მისი ახირებების გარშემო არ დარბიან.

ვინც ალიანსის წესებს არ აღიარებს, ის ისედაც ალიანსის მიღმა დგება. ასე რომ, დილემა ჩვენთან არ დგას და "ნაციონალური მოძრაობას" არის ნომინალურად, "ლელო" რომ მოვიდეს, არც იმას არ გავაგდებთ. თან ალიანსში იყო და თან ალიანსს ფეხები ურტყა, ასე არ გამოვა, ეგ აჭამოს იმას, ვისაც აჭმევდა ხოლმე," - აცხადებს თამარ ჩერგოლეიშვილი.