1759754460
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიაში მე-8 საერთაშორისო კონფერენცია - „ღვარცოფები - კატასტროფები, რისკი, პროგნოზი დაცვა“ მიმდინარეობს

2025 წლის 6-10 ოქტომბერს, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის, ბუნებრივი კატასტროფების სამეცნიერო პრობლემების შემსწავლელი კომისიის, ღვარცოფების საერთაშორისო ასოციაციის და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ცოტნე მირცხულავას სახელობის წყალთა მეურნეობის ინსტიტუტის ორგანიზებით, ტარდება მე-8 საერთაშორისო კონფერენცია თემაზე -,,ღვარცოფები - კატასტროფები, რისკი, პროგნოზი დაცვა“. კონფერენცია შესავალი სიტყვით საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა როინ მეტრეველმა გახსნა.
„რიგით მე-8 საერთაშორისო კონფერენციის ჩატარება გადაწყდა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ბუნებრივი კატასტროფების სამეცნიერო პრობლემების შემსწავლელი კომისიის განაცხადის საფუძველზე, რომელიც წარადგინა ამ კომისიის ხელმძღვანელმა აკადემიკოსმა გივი გავარდაშვილმა ქ. ჩენგდუში (ჩინეთი) 2024 წლის სექტემბერში ღვარცოფების მე-7 საერთაშორისო კონფერენციაზე. ჩინეთში პრეზენტაციის ჩატარების შემდეგ ღვარცოფების საერთაშორისო ასოციაციის პრეზიდიუმმა მიიღო დადებითი გადაწყვეტილება მე-8 საერთაშორისო კონფერენციის საქართველოში ჩატარების შესახებ.
და აი, დადგა ეს მომენტიც, ჩვენ დღეს ვხსნით ღვარცოფების მე-8 საერთაშორისო კონფერენციას, რომელიც ეძღვნება სამხრეთ კავკასიაში ცნობილი ინჟინერის, მწერლის, კავკასიის კომუნიკაციების ოლქის ხელმძღვანელის, საქართველოს სამხედრო გზის პროექტის ავტორის, კავკასიაში ღვარცოფების მეცნიერულად შესწავლის ფუძემდებლის, ბუნებისმეტყველების მოყვარულთა საზოგადოების კავკასიური ალპური კლუბის დამფუძნებლის (1877 წ.) ბოლესლავ სტატკოვსკის დაბადებიდან 200 წლისთავს.
მინდა გაცნობოთ ქ. თბილისში პავლე ინგოროყვას ქუჩა ნომერი 18 ბოლისლავ სტატკოვსკის მიერ აგებულ საკუთარ საცხოვრისის შენობის ფასადზე გაიხსნება ბოლისლავ სტატკოვსკის მემორიალური დაფა“ - აღნიშნა ბატონმა როინ მეტრეველმა.
კონფერენციაზე სიტყვით ასევე გამოვიდნენ: ღონისძიების ორგანიზატორი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ცოტნე მირცხულავას სახელობის წყალთა მეურნეობის ინსტიტუტის დირექტორი, აკადემიკოსი გივი გავარდაშვილი; აკადემიკოსი იგორ ბიჩკოვი, პროფესორი სერგეი ჩერნომორეცი (რუსეთი); პროფესორი ვეი ფანციანი (ჩინეთი), პროფესორი სვენ ფუქსი (ავსტრია), სატი ვიშვფმხაირ პრასადი (ინდოეთი) და სხვ.
როგორც აკადემიკოსმა გივი გავარდაშვილმა ჩვენთან საუბარში აღნიშნა, კონფერენციას ესწრებიან და მასში მონაწილეობენ ხუთივე კონტინენტის, 13 სხვადასხვა ქვეყნის 120 წარმომადგენელი.
კონფერენციაზე წარმოდგენილი მოხსენებების გარდა, მონაწილეები ასევე გაეცნობიან მლეთა, სტეფანწმინდის საქართველოს სამხედრო გზას და ესტუმრებიანი კახეთს, კერძოდ თელავსა და ყვარელს.