საქართველოს ეროვნული პარკები HONG KONG INTERNATIONAL TRAVEL EXPO-ში მონაწილეობდა

დაცული ტერიტორიები

დაცული ტერიტორიების სააგენტო, საქართველოს ეროვნული პარკების სახელით, საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში „HONG KONG INTERNATIONAL TRAVEL EXPO” მონაწილეობდა, რომელიც ტურიზმის სფეროს ერთ-ერთ მნიშვნელოვან საერთაშორისო პლატფორმას წარმოადგენს.

ოთხდღიანი გამოფენის ფარგლებში, საქართველოს სტენდზე წარმოდგენილი იყო ვიზუალური და საინფრომაციო მასალები ქვეყნის ეროვნული პარკების ეკოტურისტული და სათავგადასავლო შესაძლებლობების, უნიკალური ბიომრავალფეროვნების და ბუნებრივი ღირსშესანიშნაობების შესახებ. ვიზიტორებს საშუალება ჰქონდათ, შესაბამისი მასალების დახმარებით გაცნობოდნენ საქართველოს დაცული ტერიტორიების მრავალფეროვან ტურისტულ პროდუქტებსა და ბუნებრივ რესურსებს.

გამოფენის მონაწილეთა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია საქართველოს ეროვნული პარკების სალაშქრო მარშრუტებმა, ველურმა ბუნებამ და ბუნებაში აქტიური დასვენების მრავალფეროვანმა შესაძლებლობებმა. ვიზიტორები დეტალურად ეცნობოდნენ იმ გამოცდილებებს, რომლებსაც საქართველოს დაცული ტერიტორიები ადგილობრივ და საერთაშორისო ტურისტებს სთავაზობს.

ჰონგ-კონგის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში მონაწილეობა მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა საქართველოს ეკოტურისტული პოტენციალის საერთაშორისო ბაზარზე პოპულარიზაციისთვის. მსგავსი ღონისძიებები ხელს უწყობს ახალი საერთაშორისო ტურისტული სეგმენტების მოზიდვას, ქვეყნის ცნობადობის გაზრდასა და საქართველოს, როგორც ეკოტურიზმის მიმზიდველი მიმართულების, პოზიციონირების გაძლიერებას.