საქართველო-სლოვაკეთს შორის არსებული დიალოგის გაღრმავება, ორმხრივი ვიზიტების დინამიკა, დარგობრივი ურთიერთთანამშრომლობის განვითარება - პრეზიდენტის ბრატისლავაში ვიზიტი დღეს სრულდება

ჯჯ

 საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტი ბრატისლავაში დღეს დასრულდება. მიხეილ ყაველაშვილს ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, სლოვაკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა უმასპინძლა. დახვედრის ცერემონიის შემდეგ, ორი ქვეყნის პირველმა პირმა შეხვედრა პირისპირ ფორმატში გამართა. საქართველო-სლოვაკეთს შორის არსებული დიალოგის გაღრმავება, ორმხრივი ვიზიტების დინამიკა, დარგობრივი ურთიერთთანამშრომლობის განვითარება - ეს ის საკითხებია, რაზეც პრეზიდენტებმა აქცენტი გააკეთეს.

მიხეილ ყაველაშვილმა კიდევ რამდენიმე მაღალი დონის შეხვედრაც გამართა. ქართული დელეგაციის წევრებს სლოვაკეთის ეროვნული საბჭოს თავმჯდომარემ სამუშაო სადილზე უმასპინძლა. შეხვედრაზე ყურადღება საპარლამენტთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერების პერსპექტივაზე გამახვილდა.

შეხვედრა გაიმართა სლოვაკეთის ვიცე-პრემიერთანაც. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა - დარგობრივი თანამშრომლობისა და სავაჭრო-ეკონომიკური მიმართულებით არსებულ პოტენციალზე. ასევე, საქართველოს პრეზიდენტმა გვირგვინით შეამკო "თავისუფლების კარიბჭის" მემორიალი. მიხეილ ყაველაშვილს სლოვაკმა კოლეგამ დევინის ციხესიმაგრეც დაათვალიერებინა. ასევე, მოინახულეს ძველი ისტორიული ქალაქი და წმინდა მარტინის საკათედრო ტაძარი. ქართული დელეგაციის პატივისცემის ნიშნად კი, ბრატისლავას ციხესიმაგრეზე, მასპინძელმა ქვეყანამ საქართველოს დროშაც გამოსახა.

"გაიმართა მიხეილ ყაველაშვილის შეხვედრები სლოვაკეთის პრეზიდენტთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან და ვიცე-პრემიერთან. შეხვედრის ფარგლებში განხილულ იქნა, ორ ქვეყანას შორის არსებული ეკონომიკური და პოლიტიკური ურთიერთობები და სამომავლო გეგმები. შეხვედრებზე სლოვაკეთის მხარემ დააფიქსირა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მყარი მხარდაჭერა," - განაცხადა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩმა სლოვაკეთში, კონსტანტინე ქვაჩაკიძემ.