სახალხო დამცველი კლინიკა „ვივამედში“ პატიმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ლევან იოსელიანი

მედიით ვრცელდება ინფორმაცია კლინიკა „ვივამედში“ პატიმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით. სახალხო დამცველის აპარატი გარდაცვალების მიზეზების გამოკვეთისა და შეფასების მიზნით შემთხვევის სრულფასოვან შესწავლას მოახდენს.

საზოგადოებას შევახსენებთ, რომ პატიმრის, მძიმე დაზიანებებით, კლინიკაში მოთავსების ფაქტი საჯარო 2025 წლის 29 იანვარს გახდა. სახალხო დამცველის აპარატი ჩართული იყო საკითხის შესწავლაში.

სახალხო დამცველის წარმომადგენელი პატიმრის მდგომარეობის გადამოწმებისა და სამედიცინო პერსონალთან გასაუბრების მიზნით იმყოფებოდა კლინიკაში. ასევე, საჭირო ინფორმაციის მოსაპოვებლად, სახალხო დამცველის რწმუნებული იმ პენიტენციური დაწესებულების პატიმრებს და ადმინისტრაციის წარმომადგენლებს შეხვდა, საიდანაც დაშავებული ბრალდებული კლინიკაში გადაიყვანეს. სამწუხაროდ, პირადად პატიმართან გასაუბრება ვერ მოხერხდა, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო.

სახალხო დამცველის აპარატმა შეისწავლა რელევანტური ინფორმაცია და საკანთან არსებული დერეფნის ვიდეოჩანაწერები. გაირკვა, რომ უშუალოდ საკანში ვიდეომეთვალყურეობა არ მიმდინარეობდა. პატიმრის სამედიცინო მასალებით ვლინდება მრავლობითი დაზიანებები. აუცილებელია გამოძიებამ და სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზამ ამომწურავი პასუხები გასცეს მათი წარმომავლობის შესახებ კითხვებს.

სახალხო დამცველის აპარატი, უფლებამოსილების ფარგლებში, გააგრძელებს საქმის სრულფასოვან შესწავლას და საგამოძიებო უწყებებთან კომუნიკაციას, გამოძიების მონიტორინგის მიზნით.