1764086072
„როცა სახლში არ ყოფნისას გათბობას თიშავენ, ჰგონიათ, რომ ეკონომიას აკეთებენ... სინამდვილეში პირიქითაა" - ენერგო-აუდიტორის რჩევები, როგორ შევინარჩუნოთ სახლში სითბო
ენერგო-აუდიტორი, ნანი მეფარიშვილი მოსახლეობას აძლევს რჩევებს, თუ როგორ მართონ თავიანთი გამათბობლები ისე, რომ მაქსიმალური სითბოს ეფექტი და მინიმალური დანახარჯი მიიღონ. წარმოგიდგენთ რჩევებს, რომლებიც სპეციალისტმა რუსთავი2-ის ეთერში, გადაცემაში "დილა მშვიდობისა საქართველო" გაგვიზიარა.
„როდესაც ცივი სეზონი იწყება, სახლს არ უნდა ვაცადოთ გაციება. ბევრი ჩვენი მოქალაქე ითმენს, რომ რაც შეიძლება გვიან ჩართოს. როდესაც გვიან ირთვება, სახლის კედლები უკვე გაცივებულია და გაცილებით დიდი ენერგია გვჭირდება მის გასათბობად. ამიტომ ჯობს, თუ ცოტათი ადრე ჩავრთავთ ძალიან დაბალზე, არ მივცემთ საშუალებას, კედლები გაგვიცივდეს და დიდი ენერგია დაგვჭირდეს გასათბობად. როცა სერიოზულად აცივდება, იმდენი ენერგიის ხარჯვა აღარ მოგვიწევს. ამ დროს კედლები ისეთ დონეზე იქნება გამთბარი, რომ სულ ცოტაღა გჭირდებათ, რომ გათბობის ქვაბს აუწიოთ.
გათბობის ქვაბები ორი ტიპისაა. ერთს აქვს 20-გრადუსიანი მინიმუმი, ზოგს 30 და 35-იანი. შეძენის დროსაც ყურადღება უნდა მივაქციოთ, რაც უფრო ქვედა ზღვარი არსებობს, ის უკეთესია. ქვაბის შეძენისას აუცილებლად უნდა იფიქროთ იმაზეც, რამდენ კილოვატიანია ქვაბი. ერთოთახიანი ბინისთვისაც კი 25 კილოვატიანს ყიდულობენ - ფასში დიდი სხვაობა არ არის და ფიქრობენ, რომ უფრო მძლავრი უკეთესია. სინამდვილეში პატარა ბინას ნაკლები სიმძლავრე სჭირდება და დაბალ სიმძლავრიანი ქვაბი მისთვის უფრო ეკონომიურია.
ბინებისთვის კომფორტულ ტემპერატურად 22 გრადუსი მიიჩნევა.
როცა სახლში არ ყოფნისას გათბობას თიშავენ, ჰგონიათ, რომ ეკონომიას აკეთებენ. სინამდვილეში პირიქითაა, ყველაფერი ცივდება და ქვაბს უწევს ამ ყველაფრის აღდგენა გაძლიერებული მუშაობით. იხარჯება მეტი ენერგია და გვეზრდება გადასახადი. გათიშვას სჯობს დაუწიოთ და ქვაბმა 15-16 გრადუსიანი ტემპერატურით იმუშაოს. მაშინაც კი, როცა 1-2 კვირით სახლიდან მიდიხართ. წინააღმდეგ შემთხვევაში, სერიოზული ენერგია დაგჭირდებათ ყველაფრის თავიდან გასათბობად. ანუ 2 კვირით დაბალზე ჩართული გამათბობელი მეტ ეკონომიას გიკეთებთ, ვიდრე გამორთული",- ამბობს ნანი მეფარიშვილი.











