რჩევები სესხის აღებამდე

ფინანსური სერვისები

რა არის სესხი? სესხი, იგივე კრედიტი,  არის თანხა, რომელსაც  კრედიტორისგან, დროებით იღებთ და შეთანხმებულ ვადებში დამატებით სარგებელთან ერთად უკან აბრუნებთ. თანხის სესხების შესახებ გადაწყვეტილების მიღებამდე, მნიშვნელოვანია გაითვალისწინოთ, რომ სესხის აღება დამატებითი, მათ შორის კრედიტორთან სესხის პირობების დაზუსტების პასუხისმგებლობის აღებასაც უკავშირდება.  

სესხის აღების შესახებ გადაწყვეტილების მიღება სხვადასხვა სურვილისა თუ საჭიროების დაფინანსებასთან არის დაკავშირებული, მაშინ, როცა ამისთვის თავად მსესხებელს საკმარისი სახსრები არ გააჩნია. მაგალითად, როდესაც საჭიროა სწავლის დაფინანსება, სახლის შეძენა, მოგზაურობის დაფინანსება, საოჯახო ტექნიკის შეძენა და სხვა.

სესხის აღება საკმაოდ საპასუხისმგებლო  გადაწყვეტილებაა. თუმცა, სწორედ ამის გამო ფინანსური სერვისები საკმაოდ მომგებიანია, მითუმეტეს მაშინ როცა აღებულ სესხს შეთანხმებული გრაფიკის შესაბამისად იხდით, ამით თქვენ დადებით საკრედიტო ისტორიას იქმნით. კარგი საკრედიტო ისტორია  შესაძლებლობას გაძლევთ ყოველი შემდგომი სესხი გაცილებით მარტივად ,უფრო ხელსაყრელი პირობებით აიღოთ. გარდა ამისა, იმის მიხედვით, თუ რისთვის ითხოვთ თანხას, რა დროში გეგმავთ მის დაბრუნებას და რა მოცულობის თანხა გესაჭიროებათ, კრედიტორმა შეიძლებასესხის დაბრუნების ერთგვარი გარანტია მოგთხოვოთ. ეს შეიძლება იყოს თანამსესხებლისა თუ თავდებობის მოთხოვნა ან უზრუნველყოფად უძრავ-მოძრავი ქონების წარდგენა. შესაბამისად, სესხის აღება ქონების თუ პიროვნული ურთიერთობების შენარჩუნების პასუხისმგებლობასაც უკავშირდება.

იმისთვის რომ სესხი თქვენზე მორგებული პირობებით შეარჩიოთ, რათა, სესხის მოთხოვნის პროცესი კომფორტული იყოს, სასურველია რამდენიმე რჩევა გაითვალისწინოთ: დაფიქრდით, რამდენად უპრობლემოდ შეძლებთ სესხის გადახდას.

კრიტიკულად შეაფასეთ სესხად ასაღები თანხისა და მისი დაფარვისთვის შესაძლო შენატანების მოცულობა.

გახსოვდეთ, სესხი საჩუქარი არაა, ის ვალდებულებაა, ფინანსური მომსახურება, რომლის დაფარვაც შეთანხმებულ ვადაში მოგიწევთ.

შეადარეთ რამდენიმე შემოთავაზება, სესხის განაცხადის გაკეთებამდე დააზუსტეთ შემოთავაზების შესაძლო ვარიანტები, სესხთან დაკავშირებული ხარჯების შესაძლო დიაპაზონი, საკრედიტო პროდუქტების ზოგადი პირობები თუ მოთხოვნები, მოიძიეთ რამდენიმე ალტერნატივა და სესხის განაცხადით უკვე იმ კრედიტორებს მიმართეთ, რომელთა შემოთავაზებები თქვენთვის ყველაზე ხელსაყრელი ჩანს.

მიაწოდეთ კრედიტორს უტყუარი ინფორმაცია, სესხის განაცხადის შევსებისას ნუ დამალავთ ინფორმაციას, პირიქით, იყავით გულწრფელები, რადგან, ერთი მხრივ, კრედიტორის ნდობა არ დაკარგოთ და, მეორე მხრივ, ისეთი პროდუქტი მიიღოთ, რომელიც ყველაზე მეტად ერგება თქვენ საჭიროებებს და რომლის მომსახურებაც უპრობლემოდ შეძლებთ.

წინასწარ დაიჭირეთ თადარიგი თადარიგი დაიჭირეთ სესხის განაცხადის გაკეთებისას, როცა დროის ფაქტორი კრიტიკულია - გახსოვდეთ, ხშირად მიღებული მონაცემების საფუძველზე სესხის გაცემის შესახებ გადაწყვეტილების მიღებას გარკვეული დრო სჭირდება.

დააზუსტეთ ყველა პირობა დააზუსტეთ სესხის მიღების პირობების ყველა შესაძლო ალტერნატივა, მათ შორის, უზრუნველყოფის წარდგენის შესაძლო ვარიანტები, შეაფასეთ თითოეული ალტერნატივის უპირატესობები და რისკები და გადაწყვეტილება ამის საფუძველზე მიიღეთ.

ყურადღებით წაიკითხეთ ხელშეკრულება სესხის აღებამდე დეტალურად გაეცანით ხელშეკრულებას, დასვით კითხვები გაურკვეველ თუ დასაზუსტებელ საკითხებზე. ხელშეკრულებას ხელი მოაწერეთ მხოლოდ სრულყოფილი ინფორმაციის მიღებისა და მისი წაკითხვის შემდეგ.