ბენიამინ ნეთანიაჰუ: ჩვენ მტკიცედ მივისწრაფვით იმისკენ, რომ ღაზა აღარ იყოს საფრთხის შემცველი ისრაელისთვის. ეს ნიშნავს ერთ რამეს - „ჰამასის“ სამხედრო და სამთავრობო შესაძლებლობების ლიკვიდაციას

ბენიამინ ნეთანიაჰუ

ისრაელის პრემიერ-მინისტრს სჯერა, რომ შეერთებული შტატების პრეზიდენტთან საუბარი ღაზაში მძევლების გათავისუფლებისა და ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესახებ მოლაპარაკების წინსვლას ხელს შეუწყობს. შესაბამისი განცხადება ბენიამინ ნეთანიაჰუმ ვაშინგტონში გამგზავრებამდე ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა.

„პირველ რიგში, პრეზიდენტ ტრამპს მადლობას გადავუხდი ძლიერი მხარდაჭერისთვის. მსგავსი მეგობარი ჩვენ თეთრ სახლში არასდროს გვყოლია. ძალისხმევამ ჩვენს საერთო მტერზე - ირანზე უზარმაზარი გამარჯვება მოგვიტანა. ისრაელმა ასევე შეძლო „ჰამასის“ ტყვეობაში მყოფი 255 მძევლიდან 205-ის დაბრუნება, აქედან 144 ცოცხალი იყო. დარჩენილია 20 ცოცხალი მძევალი და 30 გარდაცვლილი. ჩვენ მტკიცედ მივისწრაფვით ყველას დაბრუნებისკენ. ჩვენ ასევე მტკიცედ მივისწრაფვით იმისკენ, რომ ღაზა აღარ იყოს საფრთხის შემცველი ისრაელისთვის. ეს ნიშნავს ერთ რამეს - „ჰამასის“ სამხედრო და სამთავრობო შესაძლებლობების ლიკვიდაციას. „ჰამასი“ იქ არ იქნება“, - აღნიშნა ნეთანიაჰუმ.

ისრაელის მთავრობის მეთაური დონალდ ტრამპს დღეს შეხვდება. თეთრ სახლში ტრამპის დაბრუნების შემდეგ ეს ვაშინგტონში ნეთანიაჰუს მესამე ვიზიტია.