რა არის PFAPA-ს სინდრომი და რა სიმპტომები ახასიათებს - ინგა მამუჩიშვილის გაფრთხილება მშობლებს

ინგა მამუჩიშვილი

პედიატრი ინგა მამუჩიშვილი სოციალურ ქსელში მშობლებისთვის ხშირად აზიარებს მნიშვნელოვან ინფორმაციას. ამჯერად ექიმი PFAPA სინდრომის შესახებ წერს.

„როდესაც ცხელება „საათივით“ მეორდება, ბავშვს პერიოდულად მაღალი სიცხე აქვს, თუმცა ყოველი ეპიზოდის შემდეგ სრულიად ჯანმრთელია, კარგად იზრდება და ვითარდება. ბევრი მშობელი ფიქრობს, რომ ბავშვს სუსტი იმუნიტეტი აქვს-ან ხშირად ინფიცირდება, მაგრამ ზოგჯერ მიზეზი სულ სხვა მდგომარეობაა -PFAPA სინდრომი.
PFAPA (Periodic Fever, Aphthous Stomatitis, Pharyngitis, Adenitis) ბავშვთა ასაკში ყველაზე გავრცელებული პერიოდული ცხელების სინდრომია. ის არ არის გადამდები დაავადება და არც იმუნოდეფიციტს ნიშნავს. დღეს მიიჩნევა, რომ მისი საფუძველი თანდაყოლილი იმუნური სისტემის დროებითი, გადაჭარბებული ანთებითი რეაქციაა. ზუსტი მიზეზი ჯერ კიდევ უცნობია.
PFAPA, რო

გორც წესი, იწყება 2-5 წლის ასაკში და ხასიათდება:
• უეცარი, მაღალი ცხელებით (ხშირად 39-40°C);
• ეპიზოდებით, რომლებიც გრძელდება დაახლოებით 3-6 დღე;
• განმეორებით ყოველ 3-8 კვირაში, თითქმის ერთნაირი ინტერვალებით;
• ყელის ანთებით (ფარინგიტი);
• პირის ღრუში აფთოზური წყლულებით;
• კისრის ლიმფური კვანძების გადიდებით.
ზოგჯერ აღინიშნება თავის ტკივილი, მუცლის ტკივილი, საერთო სისუსტე და მადის დაქვეითებაც.
ყველაზე მნიშვნელოვანი ნიშანი ის არის, რომ ეპიზოდებს შორის ბავშვი სრულიად ჯანმრთელია, არ აქვს ჩივილები და მისი ზრდა-განვითარება ნორმალურად მიმდინარეობს.
როგორ ისმება დიაგნოზი და როგორ ვმკურნალობთ???
PFAPA-სთვის სპეციფიკური ლაბორატორიული ტესტი არ არსებობს. დიაგნოზი ემყარება დამახასიათებელ კლინიკურ სურათს და სხვა დაავადებების გამორიცხვას.
მკურნალობის მთავარი მიზანია ცხელების ეპიზოდის სწრაფად შეწყვეტა. ყველაზე ხშირად გამოიყენება გლუკოკორტიკოსტეროიდის ერთჯერადი დოზა, რომელიც უმეტეს შემთხვევაში რამდენიმე საათში მნიშვნელოვნად ამცირებს ან მთლიანად წყვეტს სიმპტომებს.  ანტიბიოტიკები, თუ ბაქტერიული ინფექცია არ დადასტურდა, PFAPA-ზე ეფექტური არ არის.
იშვიათად, ხშირი და მძიმე ეპიზოდების დროს, სპეციალისტმა შეიძლება განიხილოს სხვა პროფილაქტიკური მკურნალობა ან ტონზილექტომია, თუმცა ეს ინდივიდუალურად წყდება.

როგორია პროგნოზი?
სასიხარულოა, რომ PFAPA-ს ძალიან კარგი პროგნოზი აქვს. უმეტეს შემთხვევაში სინდრომი ასაკთან ერთად, განსაკუთრებით 5-10 წლის ასაკში, თანდათან ქრება და არ ტოვებს ქრონიკულ გართულებებს, არ აფერხებს ბავშვის ზრდასა და განვითარებას.

თუ თქვენს პატარას მაღალი სიცხე ერთნაირი პერიოდულობით უმეორდება, მაგრამ ეპიზოდებს შორის სრულიად ჯანმრთელია, აუცილებლად მიმართეთ პედიატრს. სწორი დიაგნოზი თავიდან აგარიდებთ პოლიპრაგმაზიას, არასაჭირო კვლევებსა და ზედმეტ შფოთვას.“ - წერს პედიატრი.