1787929966
„ორი წლის წინ ძმა გარდაეცვალა... რა უნდა ვუთხრა მის დედას, ოჯახის წევრებს?!“ - ცნობილი გახდა ავარიისას დაღუპული გოგონას ვინაობა
ავარიის შედეგად დაღუპული 16 წლის მარიამ ჩოთირიძე თბილისში, ნაძალადევის რაიონში ცხოვრობდა. როგორც ცნობილი გახდა, გოგონა სოფელ გომში სტუმრად იმყოფებოდა.
ადგილობრივების თქმით, ავტომობილი, რომელშიც ახალგაზრდები ისხდნენ, ჯერ ბორდიურს დაეჯახა, შემდეგ კი ადგილობრივი მცხოვრებლის ეზოში შევარდა. დაშავებულებიდან სამი ახალგაზრდა სოფელ გომის, ხოლო ერთი - სოფელ წითელმთის მცხოვრებია.
„ჩვენი მარიამი, ჩვენი ლამაზი გოგო, აღარ გვყავს. ეს რა საშინელი ამბავი გავიგეთ ამ დილით… ჯერ მის სახლამდეც ვერ მივდივართ, ოჯახისთვის სამძიმარიც არ მითქვამს - რა უნდა ვუთხრა მის დედას, ოჯახის წევრებს?! ვერც დეტალებს ვკითხულობ, ისე განვიცდი ამ ამბავს.
ჩვენს უბანში დიდი თუ პატარა ყველა ტირის, ისეთი კარგი ბავშვი იყო. ორი წლის წინ ძმა გარდაეცვალა - გულის მანკი ჰქონდა… ამ ტკივილით ცხოვრობდნენ და ახლა ეს თავზარდამცემი ამბავი გავიგეთ. მარიამი ჩემი შვილის მეგობარი იყო, უკარგესი, ცქრიალა გოგო. არ ვიცი, როგორ ვუთხრა სამძიმარი დედას, რომელმაც მეორე შვილი დაკარგა. სიტყვები არ მაქვს“, - აცხადებს ოჯახის მეზობელი „კვირის პალიტრასთან“ საუბარში.











