„ორი დღის წინ მოვიდა სკოლაში… წასვლისას გაგვიღიმა, დაგვემშვიდობა...“ - ილიაწმინდას საჯარო სკოლა მე-11 კლასელს გლოვობს

ლუკა

ილიაწმინდას საჯარო სკოლა ავარიით დაღუპული მოსწავლის შესახებ სამძიმრის წერილს აქვეყნებს.

„ლუკა... არის წუთები, როცა სიტყვები უძლურია იმ ტკივილის გამოსახატავად, რომელსაც მთელი გულით განიცდი…
ჩვენი სკოლა უდიდესმა მწუხარებამ მოიცვა. 

ლუკა იყო სიცოცხლით სავსე, კეთილი, ღიმილიანი, თბილი და ყველასთვის საყვარელი ბიჭი.
ჯერ კიდევ ორი დღის წინ მოვიდა სკოლაში… წასვლისას გაგვიღიმა, დაგვემშვიდობა სიტყვებით - „მადლობა, ნახვამდის“, ხელი დაგვიქნია და ღიმილით დაეშვა კიბეზე…

ვერასოდეს წარმოვიდგენდით, რომ ეს თითქოსდა უბრალო დამშვიდობება მისი ცხოვრების გზიდან ჩვენთან უკანასკნელი დამშვიდობება იქნებოდა… ძნელია დავიჯეროთ, რომ ლუკა აღარ შემოვა სკოლაში, აღარ გაგვიღიმებს, აღარ მოგვესალმება…

ძალიან ადრე მოუწია ჩვენგან განშორება... დაგვრჩება ის ნათელი მოგონებები, რომლებიც მასთან გვაკავშირებს თითოეულს.

ამ უმძიმეს წუთებში ჩვენი სკოლის დირექცია, მასწავლებლები, მშობლები და მოსწავლეები ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ და თანაგრძნობას ვუცხადებთ ლუკას ოჯახს, ახლობლებსა და მეგობრებს.

საშინლად გვიმძიმს ასეთი დამშვიდობება.

ნახვამდის, ჩვენო ღიმილის ბიჭო, ლუკა“, - ვკითხულობთ სამძიმრის პოსტში.