ვანგას წინასწარმეტყველება 2025 წლისთვის - რა ელის კაცობრიობას
1752103172
უნიკალური მხატვარი და პოეტი, დათო კრაწაშვილი 17 წლის ასაკში გარდაიცვალა. მას პოეზიის მოყვარულები იხსენებენ:
,,62 წლისა გახდებოდა… ის თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის ოპერაციიდან მეთხუთმეტე დღეს გარდაიცვალა 17 წლის ასაკში.
დატოვა 1000-მდე ფერწერული ტილო და გრაფიკული ნამუშევარი, 35 ლექსი და 10-მდე დღიური. დათო კრაწაშვილს მამა სიღნაღელი ჰყავდა, ხოლო დედა - აბაშელი"
* * *
გაირბენს დრო და ჩაივლის წყლები,
საათი დარეკს, და ისიც მოვა.
გამიფრინდება ბავშვობის წლები,
მოვა ზაფხული და შემოდგომა.
შემოდგომაზე დავხატავ სურათს
და მე ეს ტილო გამოთქვამს სახელს,
დაველოდები მერე ცივ ზამთარს,
და მაინც ბოლო ნახატი მამხელს .
მოვა ზამთარი, გამოიცვლებით,
ჩაიძირებით მოგონებებში…
ოთახშიჩუმად გარდავიცვლები
ჩემი პალიტრით და ფუნჯით ხელში.
გასვენების დღეს იქნება წვიმა.
წვეთები უკვე წუწუნს იწყებენ,
მიმაბარებენ თბილისის მიწას
და მერე ალბათ… დამივიწყებენ …
* * *
მომკლა კედლიდან შენმა ყურებამ,
რაღაცის თქმა სურთ გაპობილ ტუჩებს,
რა დროს ძილია და გაყუჩება,
უნდა ჰკოცნიდე თბილისის ქუჩებს.
წელს გაზაფხულის იყო ავდარი,
ტკივილთა ჩვენთა უნაპირობა,
საღსბავებად დაღვრილი ქარი
დახატვას გთხოვდა და დაგტიროდა.
ხეები იდგნენ მკლავებაწვდილნი,
რა გვიან გთხოვეს ეს პატიება...
აპრილი აღარ ჰგავდა გაზაფხულს,
მაისი ჰგავდა მონანიებას...
* * *
მერე შენ დაჭკნები
ვით ია ლარნაკში
ღამით წყალი რომ არ გამოუცვალეს
მოვლენ მეგობრები და
დაგამძიმებენ
ასე სცოდნიაო სიყვარულს უცაბედს
ასე სცოდნიაო შენ ყურს არ დაუგდებ
ჯანდაბას ჭორები ქალური
იყო დრო-გიყვარდა
იყო დრო-უყვარდი
თუნდ იმ დღეებისთვის
ღირდა სიყვარული…
* * *
აბა გაზაფხულზე რა უნდა მარტოობას,
გიპოვი სადმე და ქვეყანას დაგიმტკიცებ,
მე შენი თვალებით შევხედავ სამყაროს.
არ გჯერა?
თუ გინდა იებზე დაგიფიცებ,
”პატარა იების სიცოცხლეს გეფიცები,
მათ ახლად ახელილ თვალებს”.
ო! ისე ლამაზად მეყვარები,
შენს თავს შენ თვითონვე შეგაყვარებ,
არა გაზაფხულზე რა უნდა მარტოობას,
გიპოვი სადმე და ქვეყანას დაგიმტკიცებ.
მე შენი თვალებით შევხედავ ყვავილებს.
არ გჯერა? თუ გინდა იებზე დაგიფიცებ,
”პატარა იების სიცოცხლეს გეფიცები”
* * *
გამიქრა ყრმობის ოცნებები,
ტკბილი ზღაპრები,
მოვარდა ქარი, წაიყოლა ჩემი აფრები.
სად არ ვიარე, სად არ მივაწყდი
ავდრად აშლილი, _
ძილმორეული, ცრემლმორეული ბავშვი _ ბავშვივით...
უცბად ვიხილს სანუკვარი
მძიმე კარები,
ხმაც გავიგონე _ რეკდნენ მძიმედ
ცივი ზარები,
შეშინებულმა ვთქვი უსიტყვოდ
დე, იყოს ნება...
კარებზე დიდი ასოებით ეწერა _
„ხე _ ლოვ _ ნე _ ბა!“
დ. კრაწაშვილი(1963-1980)