ნანუკა ძირტკბილაშვილი ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვაზე: გრძელვადიანი შედეგის მისაღწევად, უნდა მივმართოთ საერთაშორისო პრაქტიკას და მოვარგოთ ჩვენს რეალობას

ნანუკა ძირტკბილაშვილი

მიუსაფარ ცხოველთა კლუბის დამფუძნებელმა, ნანუკა ძირტკბილაშვილმა "რუსთავი 2-ის" გადაცემა "დებატებში" ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის პროგრამაზე ისაუბრა.

მისი განცხადებით, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ჰიპერპოპულაციის პროგრამის ფარგლებში, დაიწყო მიუსაფარი ცხოველების ქაოსურად გადაყვანა, რიგ შემთხვევებში - წაიყვანეს უკვე გასტერილებული ძაღლებიც.

"იმისთვის რომ დაიდოს გრძელვადიანი, მდგრადი შედეგი და ვიყოთ კმაყოფილები ყველანი: ის ადამიანებიც, ვისაც ეშინია ქუჩაში ცხოველების არსებობის, ისინიც, ვისაც გული შესტკივა და არ უნდათ, რომ ისინი ქუჩაში ცხოვრობდეს - კონსენსუსი რომ შედგეს, სწორედ ამისთვის უნდა მივმართოთ იმ საერთაშორისო პრაქტიკას, რაც უკვე გაიარეს სხვა ქვეყნებმა და მოვარგოთ ჩვენს რეალობას. ჩვენს შემთხვევაში, მარტო მიუსაფარი ცხოველების სტერილიზაცია-კასტრაციით, როგორც ეს დაიწყო სურსათის ეროვნულმა სააგენტომ და მოხდა ამ ცხოველების ქაოსურად გადაყვანა, ბევრის უკან არ დაბრუნება... აქ მაქვს მე ძალიან ბევრი ფაქტი - მაგალითად, სამტრედიიდან წაყვანილი ძაღლი, რომელსაც ერთ ფოტოზე აქვს ყვითელი საჭდი, ხოლო მეორე ფოტოზე - მანამდე - აქვს მწვანე საჭდი, ანუ, ეს ძაღლი იყო 12 დღის გასტერილებული. წაიყვანეს, უბრალოდ "გადაბირკეს", სხვა საჭდე დაადეს და მოიყვანეს...

თუ როგორც ბატონმა ლაშამ ბრძანა, იყო ისეთი ერთეული შემთხვევები, რომ საჭდიანი ძაღლი აღმოჩნდა არასტერილური, ამასაც მივყავართ იქამდე, რომ სახელმწიფო ტენდერები ტარდება არაკეთილსინდისიერად. ვიღაცა ტენდერში გამარჯვებული კომპანიები, რათა თანხები დაზოგონ, ეკონომია გააკეთონ ცხოველებზე და დანარჩენი თანხები ადმინისტრაციულ თანხებს მოახმარონ, ზუსტად ამიტომ ადებენ საჭდეს და ცხოველი არ არის სტერილური," - განაცხადა ნანუკა ძირტკბილაშვილმა.