„მზად ვართ, რომ მზია ამაღლობელის ადვოკატის პოზიცია მოვისმინოთ, თუმცა მოთხოვნა, რა ფორმით და რომელ ეთერში, ამაზე გადაწყვეტილებას იღებს კერძო ტელეკომპანია... მსგავსი მოთხოვნები ემსგავსება სარედაქციო პოლიტიკაზე ზეწოლის მცდელობას“ - ნინო შუბლაძე

ნინო შუბლაძე

ამ წუთებში, „რუსთავი 2-ის“ შენობასთან იმყოფებიან ზვიად ქორიძე, გელა მთივლიშვილი, ნინია კაკაბაძე და მედიის სხვა წარმომადგენლები. ისინი ითხოვენ „ღამის კურიერის“ პირდაპირ ეთერს მზია ამაღლობელის ადვოკატისთვის, რომ პასუხი გასცენ პრემიერ კობახიძის ბრალდებებს. ისინი ამბობენ, რომ ბოლო პერიოდში, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების მხრიდან, „რუსთავი 2-ის“ ეთერიდან მზია ამაღლობელის მიმართ გაჟღერდა არაერთი დეზინფორმაცია. შესაბამისად, მათი მთავარი მოთხოვნაა, გადაცემაში მიიწვიონ დაკავებული ჟურნალისტის ადვოკატი მაია მწარიაშვილი, რომელიც, მათი თქმით, გააბათილებს ცრუ ბრალდებებს.

„ღამის კურიერის“ მსვლელობისას, მოთხოვნას უპასუხა „რუსთავი 2-ის“ საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელმა და გადაცემის წამყვანმა, ნინო შუბლაძემ.

„შემიძლია გითხრათ, რომ მაია მწარიაშვილს „რუსთავი 2-მა“ და „კურიერმა“ შესთავაზა ინტერვიუს ჩაწერა და პოზიციის გამოხატვა, რაზეც უარი მივიღეთ. მოთხოვნა არის აუცილებლად პირდაპირი ეთერი. ახლაც მზად ვართ, რომ მზია ამაღლობელის ადვოკატის პოზიცია მოვისმინოთ, თუმცა მოთხოვნა, თუ რა ფორმით, რომელ ეთერში, რა გადაცემაში და რამდენი დრო უნდა დავუთმოთ ჩვენს სტუმარს, ამაზე გადაწყვეტილებას იღებს კერძო ტელეკომპანია „რუსთავი 2“ და მსგავსი მოთხოვნები ემსგავსება სარედაქციო პოლიტიკაზე ზეწოლის მცდელობას.

აქვე, როგორც „რუსთავი 2-ის“ საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელმა, სრული პასუხისმგებლობით შემიძლია გითხრათ, რომ არასდროს პრობლემას არ წარმოადგენს მზია ამაღლობელის პროცესების გაშუქება ჩვენს არხზე, მისი მხარდამჭერების პოზიციების გაშუქება. ახლაც მზად ვართ, რომ მაია მწარიაშვილის პოზიცია მოვისმინოთ და მას მივცეთ საშუალება, გასცეს პასუხი ბრალდებებს, რომელიც მას სურს, თუმცა მოთხოვნა - რა ფორმით, რომელ ეთერში, რა გადაცემაში და რამდენი დრო უნდა დავუთმოთ ჩვენს სტუმარს, ამაზე გადაწყვეტილებას იღებს კერძო ტელეკომპანია „რუსთავი 2“ და მსგავსი მოთხოვნები ემსგავსება სარედაქციო პოლიტიკაზე ზეწოლის მოხდენის მცდელობას. მიუხედავად ამისა, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ არასოდეს პრობლემას არ წარმოადგენს, ამ პროცესების, ან პატიმრის მხარდამჭერების განცხადებების გაშუქება“, - განაცხადა ნინო შუბლაძემ.