მუნიციპალიტეტს შესაძლებლობა ექნება, სკოლებისა და ბაღების მშენებლობის მიზნით, ნებართვები ისეთ ნაკვეთებზე გასცეს, რომლებზეც ნებართვის გაცემა მანამდე შეზღუდული იყო

პარლამენტის ფოიე

მუნიციპალიტეტს შესაძლებლობა ექნება, სკოლებისა და ბაღების მშენებლობის მიზნით ნებართვები ისეთ ნაკვეთებზე გასცეს, რომლებზეც ნებართვის გაცემა მანამდე შეზღუდული იყო. შესაბამისი ცვლილებები ინფრასტრუქტურის სამინისტრომ მოამზადა, რომელიც პარლამენტს უკვე წარედგინა და მისი დაჩქარებული წესით განხილვაა მოთხოვნილი.

კანონპროექტში აღნიშნულია, რომ ცვლილება საჯარო დაწესებულებების მიერ ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების – სკოლების მშენებლობის/რეკონსტრუქციის ხელშემწყობ დროებით ღონისძიებებს ითვალისწინებს.

კანონპროექტში ნათქვამია, რომ, შესაბამისი მუნიციპალიტეტის გადაწყვეტილებით, სკოლების მშენებლობის/რეკონსტრუქციის ხელშემწყობი ღონისძიებების სახით შესაძლებელია, განხორციელდეს მიწის ნაკვეთის განაშენიანების მაქსიმალური კოეფიციენტის ან განაშენიანების ინტენსივობის მაქსიმალური კოეფიციენტის ზღვრული მაჩვენებლების გადამეტება ან გამწვანების კოეფიციენტის ზღვრული მაჩვენებლის შემცირება. ასევე, კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნებით (შენობა-ნაგებობის მაქსიმალური სიმაღლე, ფუნქციური ზონა და მისი რეგლამენტი, განაშენიანების რეგულირების წესებით გათვალისწინებული მოთხოვნები, სატრანსპორტო და გამწვანების რეგულაციები, მიჯნის ზონისა და შენობა-ნაგებობის განთავსების წესი) გათვალისწინებულისგან განსხვავებული პირობებით დამტკიცდეს სამშენებლო დოკუმენტაცია ან მასში ცვლილებები იყოს შეტანილი.

კანონპროექტით ზუსტდება, რომ აღნიშნული შესაძლებელია გამოყენებულ იყოს მხოლოდ შესაბამისი საჯარო დაწესებულების მოთხოვნის საფუძველზე და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს არ დაუპირისპირდება საზოგადოებრივ ინტერესებს და არ გამოიწვევს ჯანსაღი და ჯანმრთელობისა და სიცოცხლისთვის უსაფრთხო გარემოს, მათ შორის კანონმდებლობით დადგენილი სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნების გაუარესებას. გარდა ამისა, დაკონკრეტებულია, რომ ხსენებული ღონისძიებების გამოყენებისას განაშენიანების მაქსიმალური კოეფიციენტი ან განაშენიანების ინტენსივობის მაქსიმალური კოეფიციენტი შეიძლება გადამეტებულ იყოს განაშენიანების დეტალური გეგმის გარეშე, ძირითადი დებულებებით დამტკიცებულისგან განსხვავებული წესით.

ცვლილებებით განისაზღვრება, რომ ხელშემწყობი ღონისძიებების გამოყენებაზე გადაწყვეტილებას მიიღებს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო, ხოლო თბილისის მუნიციპალიტეტში – თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობა. კანონპროექტით დაკონკრეტებულია, რომ ვინაიდან ხელშემწყობი ღონისძიებები დროებითია, მის გამოყენებაზე მოთხოვნის დაყენება საჯარო დაწესებულებებს 2035 წლის 31 დეკემბრამდე შეეძლებათ.

„მშენებლობის ნებართვის მოპოვების პროცესში გარკვეული საკითხები იკვეთება, რაც შეუძლებელს ხდის პროექტების განხორციელებას არსებული რეგულაციების პირობებში. ზემოაღნიშნული პრობლემის გამო ამ ეტაპზე განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ პრიორიტეტების ნუსხით განსაზღვრული 389 სკოლის მშენებლობისთვის გამოყოფილი მიწის ნაკვეთების 72% და შესაბამისი მუნიციპალიტეტების მიერ განსაზღვრული 105 ბაღის მშენებლობისთვის გამოყოფილი მიწის ნაკვეთების 46% შემთხვევაში ვერ ხერხდება მშენებლობის ნებართვის აღება, რაც, მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, მშენებლობის განხორციელების სამართლებრივი საფუძველია. წარმოდგენილი ცვლილება სანებართვო პროცედურების წარმატებით გავლის შესაძლებლობას გააჩენს, უზრუნველყოფს მშენებლობების დაწყებას და, ასევე, საშუალოვადიან პერიოდში დაგეგმილი პროექტების წარმატებით განხორციელებას. ვინაიდან დაგეგმილი სკოლებისა და ბაღების მშენებლობები ფერხდება, ამ მიმართულებით გამოყოფილი ბიუჯეტის ხარჯვა ვერ ხორციელდება. ცვლილების შედეგად ეს შესაძლებელი გახდება“, – ნათქვამია კანონპროექტში.