სესხის აღების წესში ცვლილებები შედის - ეროვნული ბანკის განცხადება
1778074224
მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის 8.25 პროცენტამდე გაზრდა ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებლიდან საკმაოდ მნიშვნელოვანმა გადახრამ განაპირობა, – ამის შესახებ ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა მერაბ კაკულიამ განაცხადა.
მერაბ კაკულიას შეფასებით, ძირითადად გეოპოლიტიკური კრიზისის შედეგად ნავთობის ფასების ზრდამ და მიწოდების ჯაჭვების დაზიანებამ გამოიწვია ის, რომ აპრილში ინფლაციის დონემ 5.9%-ს მიაღწია.
„ახლო აღმოსავლეთში მასშტაბურმა საომარმა მოქმედებებმა, რასაც საერთაშორისო ვაჭრობის ერთ-ერთი ძირითადი არტერიის – ჰორმუზის სრუტის ჩაკეტვა მოჰყვა, მიწოდების გლობალური შოკი წარმოქმნა. ენერგორესურსების მკვეთრი გაძვირება და მიწოდების ჯაჭვების შემდგომი რღვევის რისკი უკვე აისახა მსოფლიო ფასებზე და მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა ფასების დინამიკაზე საქართველოშიც“, – აღნიშნა კაკულიამ.
მერაბ კაკულიას თქმით, ხისტი ფასების ინდიკატორები, როგორებიცაა საბაზო ინფლაცია, მომსახურების ინფლაცია, რომლებიც გამოიყენება დასადგენად, რამდენად ნელა ან ინერტულად რეაგირებენ ფასები მოთხოვნის ან მიწოდების შოკებზე, გარკვეული ზრდის მიუხედავად, ინფლაციის მიზნობრივ მაჩვენებელთან ახლოსაა.
„ამიტომ შეიძლება ვივარაუდოთ, რომ, დღეის მდგომარეობით, საქმე გვაქვს დროებით შოკთან და არა – სტრუქტურულ ინფლაციასთან, რომელიც ხანგრძლივად ნარჩუნდება. ხისტი ფასების მიზნობრივ მაჩვენებელთან სიახლოვე მიუთითებს, რომ ინფლაციური მოლოდინები შედარებით სტაბილურია და მეორე რიგის ეფექტები, მაგალითად, ხელფასი-ფასების სპირალი, ჯერჯერობით სუსტია. ასეთ ვითარებაში მონეტარული პოლიტიკის ზომიერი გამკაცრება, სხვა მაკროეკონომიკური ინდიკატორების, მაგალითად, რეალური მშპ-ის ზრდის მაღალი ტემპის გათვალისწინებით, არგუმენტირებულ გადაწყვეტილებად შეიძლება ჩაითვალოს“, – განაცხადა მერაბ კაკულიამ.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 0.25 პროცენტული პუნქტით, 8.25 პროცენტამდე გაზარდა.