„მოიდრიკე მუხლი, მაგრამ ისე, რომ ღვთის გარდა ვერავინ გხედავდეს...“ - მამა პაისის შეგონება ბავშვებს

beri paisi

დიდი ძალა აქვს ბავშვის ლოცვას. მამა პაისი ათონელი ბრძანებს:

„ლოცვისას ხშირად ვხედავ, რომ მოდიან ჩემთან მწუხარე ყრმები და ღვთისაგან შეწევნას ითხოვენ. მათ ოჯახში რაღაც სადარდებელი გასჩენიათ, ამიტომაც დედები ლოცვად აყენებენ, რათა უფლისაგან შეწევნა გამოითხოვონ. ისინი იმავე „სიხშირეზე“ ირთვებიან და იქ ვხვდებით ერთმანეთს“.

ბავშვებო, ლოცვა სამი მეტანიით დაიწყეთ. პირველად იტყვით:

„უფალო, იესო ქრისტე, ძეო ღვთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი“, - და მეტანიას აღასრულებთ;

შემდეგ ღვთისმშობელს შეევედრებით, შემდეგ იტყვით: „ყოველნო წმიდანო, ევედრეთ ღმერთსა ჩვენ ცოდვილთათვის“, - ისევ მეტანია და ასე განაგრძეთ.

შეამჩნევთ, რომ თავიდან სიზარმაცე მოგერევათ, ისე დაგაწვებათ, როგორც მძიმე ტვირთი, მაგრამ თუ ლოცვას არ შეწყვეტთ, სამ მეტანიას შეასრულებთ, გული მუხლთმოდრეკის გამრავლებას მოგთხოვთ. ეს ნიშანია იმისა, რომ ჩვენი გულის ნაკვერჩხალი რწმენის ძალით გაღვივდა და ღვთის სიყვარულით აალდა. თქვენი განუწყვეტელი ლოცვის ნაყოფი კი ის იქნება, რომ ლოცვის სურვილი გაგიძლიერდებათ. ჩემი რჩევა საქმით გამოსცადეთ და დარწმუნდებით, რომ ასეა.

ისწრაფვოდეთ ღვთისკენ, როგორც მშობელი დედისკენ. ის მოწყალეა და ყოვლისმჭვრეტელი. მას ისე ვუყვარვართ, როგორც დედას - შვილები. თუ რამეს სთხოვთ, უთუოდ შეისმენს და შეგისრულებთ, თუ, რა თქმა უნდა, ეს სათხოვარი მისი წმინდა ნების საწინააღმდეგო არ იქნება. მან თვითონ გვითხრა, ითხოვეთ და მოგეცემათო, ამიტომ თამამად მიილტვოდეთ მისკენ.

მიდიხარ სკოლაში? - მოიდრიკე მუხლი, მაგრამ ისე, რომ ღვთის გარდა ვერავინ გხედავდეს, სთხოვე, გაგინათოს გონება და მახსოვრობა. მალე დაინახავ, რომ სხვებზე უკეთ სწავლობ, ან იმაზე უკეთ მაინც, ვიდრე მანამდე, სანამ ღვთის შეწევნას ითხოვდი.

ილოცეთ, ხშირად ილოცეთ, ბავშვებო, აპატიეთ, ვინც გაწყენინათ და ღმერთი მშვიდობისა მარადის თქვენთან იქნება.

ყოველ დილა-საღამოს მოინანიეთ, თუ რამ შესცოდეთ და შეეცადეთ, აღარასოდეს გაიმეოროთ. თუ კიდევ შესცოდავთ, მაშინვე შეინანეთ, თქვით: „უფალო, შევცოდე, შემიწყალე მე და შემეწიე, რომ გამოვსწორდე“. ისიც შეგინდობთ და გამოსწორებაში შეგეწევათ. ილოცეთ, ბავშვებო, ღვთის მიმართ და უფალი გაცხოვნებთ“.