მნიშვნელოვანი ინფორმაცია მძღოლებისთვის - საგზაო მოძრაობის წესები გამკაცრდება

შუქნიშანი

სკოლების მიმდებარე ტერიტორიებზე საგზაო მოძრაობის წესები გამკაცრდება - სპეციალური მონიშვნების მქონე არეალებში 30 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით გადაადგილება აიკრძალება.

ამის შესახებ 2026-2030 წლების საგზაო უსაფრთხოების ეროვნული სტრატეგიის სამოქმედო გეგმაშია აღნიშნული.

„არასრულწლოვანების უსაფრთხოებასთან არსებული გამოწვევების საპასუხოდ, დაიწყება მუშაობა საქართველოში სკოლის მიმდებარე ზონების შესაბამისი რეგულირებასთან დაკავშირებით. კერძოდ, საქართველოს კანონმდებლობაში სასკოლო ზონის ცნების განსაზღვრა, აღნიშნულ ზონებში სატრანსპორტო საშუალებათა მოძრაობის სიჩქარის მაქსიმალური ზღვრის 30 კმ/სთ-ის სახით დადგენა და სიჩქარის გადაჭარბების მოქმედი 15 კმ/სთ-იანი ტოლერანტობის სასკოლო ზონებში გავრცელების გადახედვა.

აღნიშნული საკანონმდებლო ინტერვენციები ხელს შეუწყობს სასკოლო ზონებში გადაადგილების საშუალო სიჩქარის შემცირებას და საგრძნობლად გაზრდის არასრულწლოვანთა უსაფრთხოების დონეს. ასევე, სასკოლო ზონის ცნების განსაზღვრამდე საქართველოში შეფასდება ყველა მოქმედი საჯარო სკოლის მიმდებარედ არსებული ინფრასტრუქტურის შესაბამისობა საგზაო უსაფრთხოების უწყებათაშორისი კომისიის მიერ შემუშავებულ რეკომენდაციებთან დაკავშირებით.

საგზაო ინფრასტრუქტურის მიმართულებით გაგრძელდება მუშაობა სასკოლო ზონებსა და მათ მიმდებარე არეალებში ქვეითთა უსაფრთხოების გაძლიერებაზე ორიენტირებული კომპლექსური ინფრასტრუქტურული ღონისძიებების განხორციელებისათვის“,- აღნიშნულია 2026-2030 წლების საგზაო უსაფრთხოების ეროვნულ სტრატეგიაში.