დიდი ბრიტანეთის რამდენიმე აეროპორტში მასშტაბური შეფერხებაა - გაუქმებულია ასობით ფრენა

აეროპორტ

საჰაერო მოძრაობის მართვის სისტემაში ტექნიკური პრობლემის გამო, დიდი ბრიტანეთის რამდენიმე აეროპორტში მასშტაბური შეფერხებაა, გაუქმებულია ასობით ფრენა.

შეფერხება შეეხო ჰითროუს, გეთვიკის, მანჩესტერისა და სტენსტედის აეროპორტებს. კერძოდ, ჰითროუს აეროპორტში დაახლოებით 100 ფრენა გაუქმდა, ხოლო 367 რეისი შეფერხდა. გეთვიკის აეროპორტში კი დაახლოებით 250 ფრენა შეფერხდა.

როგორც „როიტერი” წერს, პრობლემამ შესაძლოა, შოტლანდიის აეროპორტებზეც იმოქმედოს. შეფერხებების შესახებ ინფორმაცია გავრცელდა დუბლინის აეროპორტშიც. ტექნიკურმა პრობლემამ შეფერხებები ევროპის მასშტაბითაც გამოიწვია.

ავიაკომპანია Ryanair-ის განცხადებით, ტექნიკური შეფერხების გამო 50-ზე მეტი ფრენა გაუქმდა, ხოლო 65 000-ზე მეტი მგზავრის ფრენა შეფერხდა.

„რაინეარმა” დიდი ბრიტანეთის საჰაერო სივრცეში სისტემური შეფერხების გამო კომპანია NATS-ი გააკრიტიკა. ავიაკომპანიაში NATS-ის აღმასრულებელი დირექტორის გადადგომაც მოითხოვეს.