„მეშინია... წაგების არა, გამარჯვების მეშინია, შეიძლება გული გამისკდეს!.. აბა ულა, ბიჭებო!“ - ქართული ფეხბურთის გულშემატკივრი, საქართველო-საბერძნეთის საფეხბურთო მატჩს ეხმიანება

რეჟისორი სანდრო ელოშვილი საქართველო-საბერძნეთის მატჩზე

დღეს, 26 მარტს 21:00 საათზე ბორის პაიჭაძის სახელობის დინამო არენა საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრებისთვის ისტორიულ მატჩს უმასპინძლებს.

ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის ფინალში, საქართველოს ნაკრები საბერძნეთს შეხვდება და გამარჯვების შემთხვევაში, ევროპის ჩემპიონატზე საგზურს მოიპოვებს. 

საქართველო-საბერძნეთის საფეხბურთო მატჩთან დაკავშირებით, ქართული ფეხბურთის გულშემატკივარი, რეჟისორი სანდრო ელოშვილი, სოციალურ ქსელში ბავშვობის წლებს იხსენებს და აცხადებს, რომ ჩვენს შვილებს ისე უხდებათ გამარჯვება, რომ მინდა ის ოცნება აიხდინონ, ჩვენს ბავშვობას რომ არ ეღირსა, დარწმუნებული ვარ, ხვალაც იგივე იზამენ, რომ 26 მარტი გამარჯვების დღეა! ჩვენი შვილების და მათი საქართველოს გამარჯვების დღე:

„მეფიქრება ხოლმე, მაგრამ ალბათ, ვერასდროს გავიგებ რას განიცდის და რას გრძნობს, რომელიმე წარმატებულ, მდიდარ და ძლიერ ევროპულ ქვეყანაში მცხოვრები პატარა ბავშვი, რომელიც მამას მიჰყავს ფეხბურთზე...

თუმცა, ისიც ვერასდროს გაიგებს, ჩვენთვის რა იყო, ჩვენი თაობისთვის, რომლებიც დამოუკიდებელ საქართველოსთან ერთად „დავიბადეთ".

არ ვიცი კარგი იყო თუ ცუდი, მაგრამ მაშინ, იმ შავბნელ თუ მშიერ-მწყურვალ საქართველოში, ყველაფერი იყო ძალიან ქართული...

ცუდიც ქართული იყო...

კარგიც ქართული...

ფეხბურთიც ქართული და გულშემატკივრობაც...

ომი იყო ქვეყანაში და ომი იყო მინდორზეც...

შეპყრობილები ვიყავით ომით და ბავშვებსაც, რომლებსაც არ გვქონდა ბავშვობა, საყვარელი თამაში, გვეგონა ომობანა!

მამამ რომ წამიყვანა, ის პირველი თამაში გვქონდა გერმანიასთან... 1995 წელი იყო...

ჩვენმა თაობამ, ჩვენმა ბავშვობამ, ჩვენმა საქართველომ ყველა ომი წააგო, ისევე, როგორც ის თამაში და მოგებებს მოწყურებული გოგო-ბიჭებიდან დამარცხებას შეჩვეულ ქალებად და კაცებად ვიქეცით...

მაგრამ რაშია იცით საქმე? იმ წაგებული თამაშიდან, პირველად რომ ვიყავი სტადიონზე, არც წაგება მახსოვს და არც წაგების მომტანი გოლები...

მხოლოდ დასასრული, როდესაც სტადიონზე მყოფმა ძალიან, ძალიან, ძალიან ბევრმა ადამიანმა, სკამზე დაფენილ გაზეთებს ცეცხლი მოუკიდა... იცით ეს რა იყო? დღეს რომ ტელეფონებზე ანთებული ფანრების პერფორმანსია...

ისიც პერფორმანსი იყო... ოღონდ ძალიან ქართული!

კიდევ მხარზე გადებული, დაშვებული შინდისფერი დროშები და შავებში ჩაცმული, თითქოს მგლოვიარე ხალხი... ასეთი ფერის იყო დამარცხებული ქვეყანა!

თითქმის 30 წელი გავიდა, მას შემდეგ... ჩვენი ხნის ხალხი ფეხბურთს აღარც თამაშობს და თუ თამაშობენ, ვეტერანებს ეძახიან...

ჩვენ კი, ამდენი დამარცხებით გულნატკენებმა, ჩვენი საკუთარი გამარჯვებები მოვიგონეთ... ოღონდ პირადი და საკუთარი!

რაღაცნაირად დავივიწყეთ იმ წაგების ტკივილები...

რამაც არ მოგვკლა, ცოტათი, მაგრამ მაინც მოგვაძლიერა!

შვილები გვეყოლა, სახლებიც ვაშენეთ, მართალია ხეების ადგილას, მაგრამ მაინც!

და ასე მოვიდა ჩვენი თაობა აქამდე... გადარჩენილი თაობა... ერთი აუხდენელი ოცნებით... ერთად გამარჯვების ოცნებით!

ვიცი, რომ ხვალ სტადიონზე ვერ ვიქნები!

დიდად არც მინდა, მეშინია... წაგების არა, გამარჯვების მეშინია, შეიძლება გული გამისკდეს!

მაგრამ ჩვენს შვილებს, რომლების გაზრდასაც ვერ ვიჯერებთ, რადგანაც ჩვენ ისევ „ბავშვები" გვგონია ჩვენი თავი, ისე უხდებათ გამარჯვება, იმდენად ლაღები, ფერადები და კარგები არიან, რომ მინდა ის ოცნება აიხდინონ ხვალ, ჩვენს ბავშვობას რომ არ ეღირსა...

საკუთარი ერთობით და ერთსულოვნებით ბევრჯერ დაამტკიცეს და დარწმუნებული ვარ, ხვალაც იგივე იზამენ, რომ 26 მარტი გამარჯვების დღეა! ჩვენი შვილების და მათი საქართველოს გამარჯვების დღე!

და კიდევ, იცით ვისი გამარჯვების?

ჩვენი სტადიონზე დატოვებული ბავშვობის...

ყურებში ჩარჩენილი გუგუნის და თვალებში დარჩენილი ცეცხლის...

იმ ცეცხლის, გაზეთებს რომ ვუკიდებდით დამარცხებულ ქვეყანაში, მომავალი გამარჯვებების ნიშნად და სადიდებლად!

აბა ულა, ბიჭებო!“ - წერს ელოშვილი.