„მე მყავდა კარგად აღზრდილი შვილი...“ - დაურ ბუავას დედა

დაურ ბუავას დედა

აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა უკანასკნელ გზაზე ტაშით გააცილეს. ის თბილისში, მუხათგვერდის სასაფლაოზე დაკრძალეს.

დაურ ბუავა თბილისში, საცხოვრებელ ბინაში გარდაცვლილი 28 აგვისტოს იპოვეს. ბლოგერის გარდაცვალების საქმეზე, სამი ადამიანია დაკავებული.

„მე მყავდა კარგად აღზრდილი შვილი, მასზე ცუდს ვერავინ იტყვის. სუფთა, კეთილი გულის, ჯანმრთელი ცხოვრებით ცხოვრობდა. ვერ მივიღებ მასზე ცუდს, ნურავინ იტყვის“,- ამბობს დაურ ბუავას დედა. 

დაურ ბუავა აფხაზი ბლოგერი და აქტივისტი იყო, რომელიც წარმოშობით ტყვარჩელიდანაა. TikTok-ზე თავდაპირველად რელიგიურ და საგანმანათლებლო თემებზე აქვეყნებდა ვიდეოებს, თუმცა მოგვიანებით მისი მთავარი გზავნილი ქართველებსა და აფხაზებს შორის მშვიდობისა და ურთიერთობის აღდგენა გახდა.

დღეს, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატმა ბლოგერის ოჯახს მიუსამძიმრა და დაურის მიერ ქართულ-აფხაზური საზოგადოების წევრებს შორის შერიგებისა და მშვიდობის მშენებლობის მიმართულებით გაწეული ძალისხმევის შესახებ ინფორმაცია გამოაქვეყნა.

ქართულ-აფხაზური საზოგადოების წევრებს შორის შერიგებისა და მშვიდობის მშენებლობის მიმართულებით გაწეული პირადი ძალისხმევისთვის და აქტიური სამშვიდობო საქმიანობისთვის დაურ ბუავა სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინიციატივით დაარსებული “მშვიდობის ჯილდო ახალგაზრდებისთვის” ერთ-ერთი გამორჩეული გამარჯვებული იყო.