კიბო გადატანილ ადამიანებში დემენციის განვითარების რისკი შესაძლოა დაბალი იყოს - კვლევა

დემენცია

მეცნიერებმა საინტერესო კავშირი აღმოაჩინეს ორ ყველაზე გავრცელებულ დაავადებას შორის. კვლევის მიხედვით, ადამიანებს, რომლებსაც კიბო გადატანილი აქვთ, დემენციის განვითარების რისკი შესაძლოა მნიშვნელოვნად დაბალი ჰქონდეთ.

კვლევა დიდი ბრიტანეთის ეროვნული ჯანდაცვის სისტემის (NHS) მონაცემებს დაეყრდნო და 3 მილიონზე მეტი 60 წელს გადაცილებული ადამიანის სამედიცინო ისტორია გააანალიზა. მონაწილეებს საშუალოდ 9 წელზე მეტი ხნის განმავლობაში აკვირდებოდნენ. შედეგებმა აჩვენა, რომ კიბოს გადატანილ პირებში დემენციის განვითარების რისკი დაახლოებით 25%-ით დაბალი იყო.

მეცნიერების თქმით, ეს არ ნიშნავს, რომ კიბო დემენციისგან იცავს. პირიქით, აღმოჩენილი კავშირი მიუთითებს, რომ ამ ორ დაავადებას შესაძლოა საერთო ბიოლოგიური მექანიზმები აკავშირებდეს.

ერთ-ერთი მთავარი ჰიპოთეზის მიხედვით, ზოგიერთი გენი, რომელიც უჯრედების სწრაფ გამრავლებას უწყობს ხელს და კიბოს განვითარების რისკს ზრდის, შესაძლოა ნერვული უჯრედების ნაადრევ სიკვდილს აფერხებდეს, რაც დემენციის განვითარებას ანელებს. მეორე ვერსია კიბოს მკურნალობას უკავშირდება - მეცნიერები იკვლევენ, შეიძლება თუ არა ქიმიოთერაპიის ან სხვა თერაპიების გარკვეულ კომპონენტებს ტვინში მიმდინარე ანთებითი პროცესების შემცირება, რომლებიც ალცჰაიმერის დაავადების ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორად მიიჩნევა. თუმცა ეს მოსაზრებები ჯერ მხოლოდ ჰიპოთეზების დონეზეა.

მკვლევრები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ კვლევის შედეგები არ ნიშნავს, თითქოს კიბოს არსებობა სასურველი ან დამცავი მდგომარეობაა. ორივე დაავადება სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს ჯანმრთელობისთვის და მიღებული შედეგები მხოლოდ იმის უკეთ გაგებას ემსახურება, თუ რა ბიოლოგიური პროცესები შეიძლება აკავშირებდეს მათ.

ექსპერტების შეფასებით, თუ მომავალში გაირკვევა, რატომ არსებობს ეს კავშირი, შესაძლოა სწორედ ამ მექანიზმების გამოყენებით შეიქმნას დემენციის ახალი პრევენციული ან სამკურნალო მეთოდები. დღეს კი მეცნიერები დამატებით კვლევებს ატარებენ, რათა დაადგინონ, კონკრეტულად რომელი გენები, ბიოლოგიური პროცესები ან მკურნალობის მეთოდები შეიძლება იდგეს ამ ფენომენის უკან.