დაგროვებითი პენსიიდან 153.2 მილიონი ლარი გაიცა - ვის და რა შემთხვევაში შეუძლია თანხის გატანა
1778518662
სამების ტაძარში საქართველოს ახალი პატრიარქის ასარჩევი ხმის მიცემის პროცედურა დასრულდა.
მღვდელმთავრებმა არჩევანი სამ კანდიდატს - საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, მიტროპოლიტ შიოს, მროველ-ურბნელ მიტროპოლიტ იობსა და ფოთისა და ხობის მიტროპოლიტ გრიგოლს შორის გააკეთეს.
საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, მიტროპოლიტი შიო - სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი, ერისკაცობაში ელიზბარ მუჯირი, ილია II-ის გადაწყვეტილებით, უკვე 9 წელია, საპატრიარქო ტახტის მოსაყდრეა. ის არის ქორეპისკოპოსი, განსაკუთრებული დამსახურებების გამო სკუფიაზე ბრილიანტის ჯვრის ტარების უფლებით. დამთავრებული აქვს ბათუმის სასულიერო სემინარია და მოსკოვის სასულიერო აკადემია.
ფოთისა და ხობის მიტროპოლიტ გრიგოლი - ერისკაცობაში გურამ ბერბიჭაშვილი, სკოლის დამთავრების შემდეგ ის უკრაინაში სამოქალაქო ავიაციის სასწავლებელში სწავლობდა. 1988-1991 წლებში სწავლა თბილისის სასულიერო სემინარიაში გააგრძელა, შემდეგ კი თბილისის სასულიერო აკადემიაში. 1996 წლის 24 მარტს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ არქიმანდრიტი გრიგოლი ფოთისა და ხობის ეპისკოპოსად აკურთხა.
მროველ-ურბნელი მიტროპოლიტი იობი აქიაშვილი - ერისკაცობაში ელგუჯა აქიაშვილი, 1960 წელს ყაზბეგის რაიონის სოფელ სნოში დაიბადა. სნოს საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ ჩაირიცხა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ეკონომიკის ფაკულტეტზე. სტუდენტობის წლებში იყო სიონის საპატრიარქო ტაძრის სტიქაროსანი. დაამთავრა სასულიერო სემინარია. მისი სასულიერო გზა ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ დაიწყო, როცა საპატრიარქოში ეკონომისტად დაინიშნა.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელიც მიიღებს კრების მონაწილე მღვდელმთავართა ხმების ნახევარზე მეტს, ამ შემთხვევაში 20 ხმას.
სრულიად საქართველოს 141-ე კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 17 მარტს 93 წლის ასაკში გარდაიცვალა.