1745299467
კარგი მდგომარეობა გვაქვს ტურისტების კუთხით და იმედი გვაქვს, რომ ბიზნესის მოლოდინი რაოდენობრივ და ფინანსურ ჭრილში კიდევ უფრო გაამართლებს - ნატა კვაჭანტირაძე

კარგი მდგომარეობა გვაქვს ტურისტების კუთხით და იმედი გვაქვს, რომ ბიზნესის მოლოდინი რაოდენობრივ და ფინანსურ ჭრილში კიდევ უფრო გაამართლებს, - აცხადებს საქართველოს ტურიზმის ასოციაციის ხელმძღვანელი ნატა კვაჭანტირაძე. მისი განმარტებით, სეზონის დასრულებამდე კიდევ 2 თვეა დარჩენილი და არსებული მაჩვენებლების გათვალისწინებით მოლოდინიც პოზიტიურია.
„ზოგადად, 2025 წლის ზაფხულის ტურისტული სეზონის მოლოდინი იყო მაღალი, იქიდან გამომდინარე, რომ სეზონზე შედარებით მეტი აქტიურობა შეინიშნება. ბიზნესის მოლოდინიც მაღალია, რადგან ზაფხულისთვის როგორც ტურისტების, ისე ფინანსური შემოსავლების ზრდა პროგნოზირდება. ჯერ ზაფხული დასრულებული არ არის და იმედი გვაქვს, რომ სეზონი კიდევ უფრო წარმატებით დასრულდება, რადგანაც აგვისტო და სექტემბერი საქართველოში მაღალ სეზონად ითვლება. შესაბამისად სტუმრების რაოდენობაც ამ პერიოდში მაღალია, წელს უფრო კარგი მდგომარეობა გვაქვს ტურისტების კუთხით და იმედი გვაქვს, რომ ჩვენ მოლოდინი რაოდენობრივ ჭრილში კიდევ უფრო გაამართლებს“, - განმარტავს ნატა კვაჭანტირაძე.
საქართველოს ტურიზმის ასოციაციის ხელმძღვანელი ამბობს, რომ ქვეყანაში შემოსული ტურისტებიდან ამ დროისათვის აღმოსავლეთ ქვეყნებიდან შემოსული ტურისტები სჭარბობს, თუმცა მზარდი შემოდინება ფიქსირდება ევროპიდანაც.
„ამ ეტაპზე აღმოსავლეთის ქვეყნებიდან ჩამოსული ტურისტების რაოდენობა ჭარბობს, თუმცა ევროპელებიც შემოდიან და ეს ძალიან მისასალმებელია. ქვეყანაში მეტი რაოდენობით უფრო საშუალო მხარჯველუნარიანი ტურისტები შემოდიან და თავისთავად ამ ტენდენციას ვინარჩუნებთ და ეს ძალიან მნიშვნელოვანია“, - ამბობს კვაჭანტირაძე.
მისივე განმარტებით, ევროპელი ტურისტების შემოდინებაზე გავლენა იქონია როგორც მარკეტინგულმა აქტივობებმა, ისე დამატებულმა პირდაპირი ავიამიმართულებებმა.
„ძალიან მნიშვნელოვან ფაქტორი იყო რამდენიმე ახალი პირდაპირი ავიამიმოსვლის დამატება ევროპის ქვეყნებთან, რომელმაც გააქტიურა ამ მიმართულებებიდან ტურისტების შემოსვლა. რა თქმა უნდა მარკეტინგის ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობს და აქ არა მარტო სახელმწიფოს მხრიდან, ასევე კერძო სექტორიც მნიშვნელოვან დანახარჯებს აკეთებს სეზონის დაწყებამდე, ასევე სხვადასხვა საერთაშორისო ღონისძიებებზე პრეზენტაციებს მართავენ და ამ კუთხით იზიდავენ სეზონისთვის მომხმარებლებს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანაში იყოს შენარჩუნებული მშვიდი და სტაბილური გარემო, რათა სეზონი წარმატებით დასრულდეს და ევროპელი მომხმარებელი ყოველთვის არის პრიორიტეტული და კიდევ უფრო მეტად უნდა მოხდეს აქცენტირება ამ ბაზრებზე, როგორც მარკეტინგული ასევე სხვადასხვა აქტივობებში ჩართვით, რათა მათი ცნობადობა და ინტერესი საქართველოს მიმართულებით გაიზარდოს“, - ამბობს კვაჭანტირაძე.