ჯარიმები იზრდება! - ცვლილებები, რომლებიც მაისიდან ამოქმედდება

კამერა

 2026 წლის მაისიდან საქართველოში რამდენიმე ახალი რეგულაციის ამოქმედება იგეგმება.

„ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ, მონაცემებს იმ ცვლილებების შესახებ, რომელთა ძალაში შესვლა, რამდენიმე დღეშია დაგეგმილი.

საგზაო-სატრანსპორტო წესების დარღვევისთვის ჯარიმები იზრდება 

2026 წლის 1-ელი მაისიდან „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ განხორციელებული ცვლილები შედის ძალაში, რომლის მიხედვითაც, საგზაო-სატრანსპორტო წესების დარღვევისთვის ჯარიმები იზრდება. კერძოდ:

100 ლარამდე იზრდება ჯარიმა სატრანსპორტო საშუალების გზაზე მანევრირების წესების დარღვევისთვის. ამავდროულად, ამ სამართალდარღვევისთვის მართვის მოწმობისთვის მინიჭებული ქულათა რაოდენობა შემცირდება 20 ქულით;

50-დან 100 ლარამდე იზრდება სანქცია 15 კმ/სთ-ზე მეტი, მაგრამ არაუმეტეს 40 კმ/სთ-ის სიჩქარის გადაჭარბებისთვის;

50 ლარამდე იზრდება სანქცია ავტომობილით მოძრაობისას მძღოლის ან მგზავრის მიერ უსაფრთხოების ღვედის გამოუყენებლობისთვის, ამავდროულად, ამ სამართალდარღვევისთვის მართვის მოწმობისთვის მინიჭებული ქულათა რაოდენობა შემცირდება 10 ქულით;

50 ლარამდე იზრდება სანქცია ავტომობილის მართვის დროს მძღოლის მიერ მობილურით სარგებლობისთვის;

დგომა-გაჩერების წესების დარღვევისთვის თბილისის მსგავსად, 50 ლარამდე იზრდება ჯარიმის ოდენობა ქუთაისში, ბათუმში, მცხეთაში, რუსთავში, გორში, თელავში, ფოთში, ზუგდიდში, ახალციხეში, ოზურგეთსა და საქართველოს კურორტებსა, ასევე M3, N2, N3 ან T კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებებისთვის;

„დრიფტი”, რომელსაც მოჰყვა ნივთის ან ადამიანის სხეულის მსუბუქი დაზიანება, 500 ლარიან ჯარიმასთან ერთად გამოიწვევს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერებას 6 თვის ვადით;

განმეორებით საგზაო მოძრაობის წესების დარღვევა, რომელსაც მოჰყვა საავარიო ვითარების შექმნა ან გამოიწვია საცობის შექმნა, გამოიწვევს დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით და მართვის მოწმობაზე 30 ქულის შემცირებას;

500 ლარიანი ჯარიმა იქნება გათვალისწინებული თბილისში საერთო სარგებლობის საავტომობილო გზაზე N2 ან/და N3 კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მოძრაობისთვის, იმ შემთხვევაში თუ სატვირთო გადაზიდვის დანიშნულების ადგილი თბილისი არ არის.

თვითდასაქმებული უცხო ქვეყნის მოქალაქეების დასაქმების წესის შესრულებაზე აღსრულების მექანიზმი ამოქმედდება

1-ელი მარტიდან, საქართველოში უცხო ქვეყნის მოქალაქეს კანონიერად დასაქმებისთვის, მათ შორის დისტანციურად მუშაობისთვის, „შრომითი საქმიანობის უფლების“ მოპოვება სჭირდება.

ახალი წესებით, ადგილობრივ დამსაქმებლები ვალდებულნი არიან, გამოცხადებულ ვაკანსიაზე უცხოელის დასაქმების საჭიროება დაასაბუთონ და შესაბამის უწყებებისგან ნებართვა მიიღონ.

უკვე 2026 წლის 1-ლი მაისიდან კი, ამოქმედდება აღსრულების მექანიზმი იმ თვითდასაქმებული უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის, რომლებიც საქართველოში აქამდე იყვნენ დასაქმებულები.

შესაბამისად, იმ თვითდასაქმებულ უცხოელებთან, რომლებიც 2026 წლის 1-ელ მარტისთვის უკვე ახორციელებდნენ საქართველოში შრომით/სამეწარმეო საქმიანობას - არიან მოქმედი საწარმოების პარტნიორები ან სხვაგვარად არიან ჩართულნი სამეწარმეო/შრომითი საქმიანობის პროცესში, რომლიდანაც იღებენ ფინანსურ სარგებელს - მათ მიმართ კანონმდებლობით განსაზღვრული აღსრულების მექანიზმი 2026 წლის 1-ლი მაისიდან ამუშავდება.

ვენახის სამეწარმეო მიზნით გაშენებას ნებართვა დასჭირდება

„ვაზისა და ღვინის შესახებ კანონში“ განხორციელებული ცვლილებების თანახმად, სამეწარმეო ვენახების გაშენებასთან დაკავშირებული წესები შეიცვალა.

კანონში შესული ცვლილებების მიხედვით, 1-ლი მაისის შემდგომ პერიოდში კომერციული მიზნებისთვის ვენახის გაშენება შესაძლებელი იქნება მხოლოდ ღვინის ეროვნული სააგენტოს წინასწარი თანხმობის საფუძველზე.

წინააღმდეგ შემთხვევაში, პირი, რომელიც ვენახს თვითნებურად გააშენებს, ვერ შეძლებს მიღებული ყურძნის ან წარმოებული ღვინის კომერციულ რეალიზაციას.

აღნიშნული რეგულაცია ვრცელდება მხოლოდ იმ პირებზე, რომლებიც ვენახის გაშენებას სამეწარმეო საქმიანობისთვის გეგმავენ და არ ეხება მათ, ვინც ვენახს პირადი მოხმარებისთვის აშენებს.

ცნობისთვის, ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ ვენახის გაშენებაზე თანხმობა უფასოდ გაიცემა.

ძვირდება „სილქნეტის“ მომსახურება

„სილქნეტის“ მობილური ინტერნეტპაკეტების, ოპტიკური ინტერნეტისა და ტელევიზიით სარგებლობის ტარიფები იცვლება.

როგორც კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ, ზოგიერთი პაკეტის ფასი 1-ლი მაისიდან გაიზრდება, ნაწილის კი უცვლელი დარჩება.

უფრო კონკრეტულად, სტანდარტულ ინტერნეტპაკეტებზე მოცულობა იზრდება, ფასი უცვლელი რჩება, თუმცა ძვირდება ყველა ულიმიტო პაკეტი. 

წყარო