„ჰე, უფალო და მეუფეო, მომანიჭე მე განცდა თვისთა ცოდვათა და არა განკითხვად ძმისა ჩემისა“... ვინც სინანულშია, ის სხვას აღარ განიკითხავს...”- ეფრემ ასურის ლოცვის განმარტება

წმიდა ეფრემ ასურის მიცვალება

ყველიერის კვირიდან დაიწყო წმინდა ეფრემ ასურის ლოცვის კითხვა, რომელიც დიდმარხვის განმავლობაში „დილისა“ და “ძილის წინ“ ლოცვების შემდეგ იკითხება - სამშაბათს საღამოს, ოთხშაბათს დილას, ხუთშაბათს საღამოს და პარასკევ დილას.

შემდგომ, მიტევების კვირა საღამოდან, დილა – საღამოს ლოცვების შემდეგ, ყოველდღიურად, გარდა პარასკევ საღამოსი, შაბათ დილისა, შაბათ საღამოსი და კვირა დილისა.

ეფრემ ასურის ლოცვა, სამ ნაწილად ანუ სამ მუხლად არის გაყოფილი.

პირველს მუხლში, ჩვენ ვსთხოვთ ღმერთსა, რათა განაშოროს ჩვენგან ოთხი ცოდვა - უქმობა, მიმომწვლილველობა, მთავრობის-მოყვარეობა და ცუდად-მეტყველება:

უფალო და მეუფეო ცხოვრებისა ჩემისაო, სულსა უქმობისასა და მიმოწვლილველობისასა, მთავრობისმოყვარებისასა და ცუდად მეტყველებისასა ნუ მიმცემ მე.

მეორესა მუხლსა შინა ვევედრებით ღმერთსა, რათა, ნაცვლად ოთხთა ამათ ცოდვათა, მოგვცეს ოთხი სათნოება: სიწმიდე, სიმდაბლე, მოთმინება და სიყვარული:

ხოლო სული სიწმიდისა, სიმდაბლისა, მოთმინებისა და სიყვარულისა მომმადლე მე მონასა შენსა.

ბოლოს მესამესა მუხლსა შინა ვსთხოვთ ჩვენ ღმერთსა, რათა მოგვცეს ჩვენ ცნობა თავისა ჩვენისა და არა განკითხვად მოყვასთა ჩვენთა: 

ჰე, უფალო და მეუფეო, მომანიჭე მე განცდა თვისთა ცოდვათა და არა განკითხვად ძმისა ჩემისა, რამეთუ კურთხეულ ხარ შენ უკუნითი უკუნისამდე“ - (წმინდა ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე) - განმარტება ანუ აღხსნა ეფრემ ასურის ლოცვისა, ოთხთა მოძღვრებათა შინა,რომელნიც თქმულან ოსეთში და სვანეთში).

 ლოცვა ეფრემ ასურისა:

„უფალო და მეუფეო ცხოვრებისა ჩემისაო, სულსა უქმობისასა და მიმოწვლილველობისასა, მთავრობისმოყვარებისასა და ცუდად მეტყველებისასა ნუ მიმცემ მე (მეტანია).

ხოლო სული სიწმინდისა, სიმდაბლისა, მოთმინებისა და სიყვარულისა მომმადლე მე მონასა შენსა (მეტანია).

ჰე, უფალო და მეუფეო, მომანიჭე მე განცდა თვისთა ცოდვათა და არა განკითხვად ძმისა ჩემისა, რამეთუ კურთხეულ ხარ შენ უკუნითი უკუნისამდე, ამინ (მეტანია).

ღმერთო, მილხინე ცოდვილსა ამას და შემიწყალე მე (მცირე მეტანია 12-ჯერ).

ჰე, უფალო და მეუფეო! მომანიჭე მე განცდა თვისთა ცოდვათა და არა განკითხვად ძმისა ჩემისა”  - წმინდა ეფრემ ასური ლოცვის ბოლოს შეღაღადებს უფალს და სთხოვს, რომ გააძლიეროს ის, რათა შეძლოს დანახვა და განცდა საკუთარი ცოდვებისა, არ განიკითხვადეს ძმას, მოყვასს, სხვა ადამიანს.

განცდა თვისთა ცოდვათა, საკუთარი თავის დანახვა, შემეცნებაა საკუთარი მდგომარეობისა. კარგად იქცევა ღვთის წინაშე თუ ცუდად, წმინდა მამა ითხოვს უნარს, რათა შეძლოს საკუთარი უკეთურების დანახვა, რაც ცოდვაში მყოფ ადამიანს ძალიან უჭირს. ჩვენ გვიჭირს საკუთარი ცოდვების დანახვა, ჩვენი მდგომარეობის გაანალიზება.

ჩვენი თავის აღქმა-შემეცნება, ქრისტიანული ცხოვრების საფუძველია. თუ ადამიანი საკუთარ თავს ვერ აღიქვამს, ვერ იგებს, ვერ ხვდება, რა ცოდვა ჩაიდინა, თუ რა უკეთურობა აქვს გულში, მაშინ ის როგორ გამოასწორებს საკუთარ თავს, რანაირად მოინანიებს და როგორ გახდება უმჯობესი?!

ნუ ფიქრობ, საყვარელო ძმაო, რომ ეს ადვილი გასაკეთებელია, ძალიან ბევრი უნდა იღვაწოს ადამიანმა საკუთარ თავზე, რომ შეძლოს თავისი მდგომარეობის დანახვა, აღქმა.

ყველა ადამიანს ინდივიდუალური ჩვევა, ხასიათი, თვისება აქვს. ზოგი გულფიცხია და ამით ხშირად სცოდავს ღვთის წინაშე; ზოგიც ზარმაცი, მცონარაა და ამით განარისხებს ღმერთს;

ზოგიც ამპარტავანია და ამის გამო მრავალ ცოდვას ჩადის; ერთი სიტყვით, ყველა ადამიანს, გარკვეული ცოდვის მიმართ აქვს მეტ-ნაკლები მიდრეკილება.

დიდი მადლი და სიკეთე გვეძლევა, თუკი კარგად ჩავიხედავთ ჩვენს თავსა და გულში, ვიტყვით მე ამ ცოდვაში მიდგას ფეხი, ღვთის წინაშე დამნაშავე ვარ. თუკი ასე მოიქცევი, სინანული აღიძვრება შენში და გულით მოინანიებთ ცოდვას, აუცილებლად გახდები ღვთისნიერი, ხოლო თუ კარგად ვერ შეიმეცნებთ თავს და არ გექნება სინანული, ვერც სულიერებაში წარემატები და ღვთის წინაშეც დაამძიმებ თავს, ვერც ადამიანებთან გექნება კარგი ურთიერთობა.

ვინც სინანულშია, ის სხვას აღარ განიკითხავს. ამიტომ ითხოვს წმინდა ეფრემ ასური - „მომანიჭე განცდა თვისთა ცოდვათა და არა განკითხვად ძმისა ჩემისა”.

განკითხვა მძიმე ცოდვაა, მისით ყველა ადამიანი სცოდავს, მხოლოდ ჭეშმარიტი ქრისტიანები, სულიერებაში გაზრდილი მორწმუნეები არ განიკითხავენ სხვას, არამედ საკუთარი თავის განქიქებასა და განკითხვაში არიან დღემუდამ, რადგან მსჯავრის გამოტანა ღვთის საქმეა და არა ცოდვილი ადამიანისა.

თუკი ადამიანი გულით ნანობს, მაშინ უფლის მოწყალება ძალიან დიდია. საკუთარ თავს რომ განიცდიდე და განაქიქებდე, სხვას კი არ განიკითხავდე, - ამ ძალმოსილების მოცემას ითხოვს წმინდა მამა, ამიტომაც ბოლო მუხლის დასასრული არის მადლიერების გამოხატვა - „რამეთუ კუთხეულ ხარ შენ უკუნითი უკუნისამდე ამინ.“

რადგან ღვთის გარეშე ყოველივე ამის შესრულება შეუძლებელია, ეფრემ ასურის ლოცვა მთავრდება მეზვერის ლოცვით - ღმერთო, მილხინე მე ცოდვილსა ამას და შემიწყალე“.

მეზვერე ტაძარში სულ უკან, თავდახრილი იდგა და ამ სიტყვების გარდა არაფერს ამბობდა. იგი იმდენად განიცდიდა თავის ცოდვებს, იმდენად იყო დამძიმებული, რომ თავის აწევასაც ვერ ბედავდა, ოღონდ უფლისგან პატიება მიეღო.

აი, ასე უნდა განვიცდიდეთ ცოდვებს. ამიტომ კეთდება მეტანიები, რომელიც გამოხატავს როგორც სინანულს, ასევე დაცემას.

თუკი ასეთი განცდა გვექნება ჩვენი ცოდვებისა, მაშინ ჩვენც გაგვამართლებს უფალი, როგორც მეზვერე გაამართლა და ჩვენც მივაღწევთ სულიერების იმ საფეხურს, რომელსაც წმინდა ეფრემ ასური მისწვდა, ამინ.