ჰაერის მაღალი ტემპერატურის ფონზე ხანძრების თავიდან ასარიდებლად, ტყეში ქცევის წესების გაცნობა QR კოდის საშუალებით იქნება შესაძლებელი

QR კოდი

ზაფხული, ჰაერის მაღალი ტემპერატურის გამო, განსაკუთრებით ხანძარსაშიში პერიოდია. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ხანძარსაწინააღმდეგო პრევენციულ ღონისძიებებს ყოველწლიურად ახორციელებს. კამპანიას - "დაიცავი ტყეში ქცევის წესები", მედიის წარმომადგენლები შეუერთდნენ.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, ხანძარსაშიშ უბნებსა და იმ ტერიტორიებზე, რომლებიც განსაკუთრებით დატვირთულია ტურისტულ სეზონზე, ეროვნული სატყეო სააგენტო ყოველწლიურად, მთელი ქვეყნის მასშტაბით, საინფორმაციო-გამაფრთხილებელ ნიშნებს ათავსებს.

"დაიცავი ტყეში ქცევის წესები" - საინფორმაციო ბანერზე ტურისტებს საშუალება ექნებათ QR კოდის საშუალებით, გაეცნონ ტყეში უსაფრთხოების წესებსა და დაემორჩილონ იმ აკრძალვებს, რომელიც ტერიტორიაზე საპიკნიკე ადგილების მოწყობისას და კოცონის დანთებისას ვრცელდება. ეროვნული სატყეო სააგენტოს ინიციატივით, საინფორმაციო ბანერი ქვეყნის მასშტაბით სახელმწიფო ტყეში 350 ლოკაციაზე განთავსდება.

სიახლე შესაძლებლობას მოგვცემს თავიდან ავირიდოთ ის რისკები, რასაც სამწუხაროდ ხშირ შემთხვევაში სავალალო შედეგამდე მივყავართ, რადგან, სტატისტიკის მიხედვით, ტყეში ხანძრის გამომწვევი ძირითად მიზეზად ადამიანთა დაუდევრობა სახელდება.

შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო ტყის ტერიტორიაზე ცეცხლის დანთება აკრძალულია ხეების ვარჯის ქვეშ, წიწვიან მოზარდ ტყეში, ძველ ნახანძრალებში, ტყის დაზიანებულ უბნებში (ტყის ქარქცეულ ან ქარტეხილ ადგილებში), დამზადების ნარჩენებიდან გაუწმენდავ ტყეკაფებში, გამოუზიდავად დატოვებული დამზადებული მერქნის ადგილებში, ტორფიან და გამხმარბალახიან ადგილებში.

ტყის დანარჩენ ტერიტორიაზე კოცონის დანთება დასაშვებია ცეცხლის დასანთები ადგილის (ბაქანი) წინასწარი მოწყობის შემთხვევებში. ბაქნის წინასწარი მოწყობა გულისხმობს ცეცხლის კერიდან 1,5 მ რადიუსში ადვილად აალებადი მასალებისაგან (თივა, ხმელი ბალახი, ფოთლები, ფიჩხი) გაწმენდას.

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის თანახმად, ტყეებში სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნათა დარღვევა, რასაც მოჰყვა ტყეში ხანძრის გაჩენა ან მისი გავრცელება გარკვეულ ფართობზე, აგრეთვე, ტყის მოსპობა ან დაზიანება ცეცხლის წაკიდების ან ცეცხლისადმი დაუდევრად მოპყრობის შედეგად - გამოიწვევს დაჯარიმებას 300 -დან 500- ლარამდე. ტყეში დაუდევრობით გამოწვეული ხანძრის შემთხვევაში, კანონი ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ოთხიდან რვა წლამდე.