ასტროლოგები აპრილის ფავორიტ 5 ზოდიაქოს ნიშანს ასახელებენ
1774986608
იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, ივანე ჩხაიძე განცხადებით, თებერვლიდან საქართველოში ყველაზე ხშირად ცირკულირებს ვირუსი, რომელიც განსაკუთრებულ საფრთხეს 2 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის წარმოადგენს.
როგორც მან „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე განმარტა, აღნიშნულ ვირუსს შეუძლია გამოიწვიოს წვრილი ბრონქების ანთება — ბრონქიოლიტი. დაავადებას ახასიათებს შეტევითი და ხშირი ხველა, სუნთქვის გახშირება და გაძნელება, ასევე მსტვინავი სუნთქვა.
ივანე ჩხაიძის თქმით, ამ ვირუსმა ფაქტობრივად ჩაანაცვლა სეზონური გრიპი, მათ შორის ე.წ. ჰონგ-კონგის გრიპი, რომელიც დეკემბრიდან იყო ყველაზე გავრცელებული. მისი განმარტებით, ბრონქიოლიტის დიაგნოსტირება ძირითადად კლინიკური ნიშნების საფუძველზე ხდება და დამატებით კვლევებს, როგორც წესი, არ საჭიროებს.
ექიმის თქმით, ინფიცირების ყველა შემთხვევა მძიმე არ არის, თუმცა პაციენტების ნაწილს შესაძლოა დასჭირდეს ჟანგბადის მიწოდება, სითხის შევსება და გარკვეულ შემთხვევებში — ჰოსპიტალიზაცია.
ივანე ჩხაიძე ასევე აღნიშნავს, რომ გართულებების თავიდან ასაცილებლად მნიშვნელოვანია ვაქცინაცია, თუმცა ის ინდივიდუალურად განისაზღვრება — ორსულებში დამოკიდებულია ორსულობის ვადასა და მშობიარობის სავარაუდო პერიოდზე. მისი თქმით, ვაქცინაცია შესაძლებელია 1-6 თვის ასაკის ბავშვებშიც, რადგან ამ ჯგუფში გართულებების რისკი განსაკუთრებით მაღალია.
ექიმი ხაზს უსვამს, რომ აღნიშნული ვირუსი საფრთხეს წარმოადგენს არა მხოლოდ ბავშვებისთვის, არამედ 65 წელს გადაცილებული ადამიანებისთვისაც, რომელთაც ინფიცირების შემთხვევაში შესაძლოა განუვითარდეთ ფილტვების ანთება და გაიზარდოს ჰოსპიტალიზაციის რისკი.
მისივე განმარტებით, 2 წლამდე ბავშვები და 65 წელს ზემოთ ასაკობრივი ჯგუფი წარმოადგენს ძირითად რისკ-ჯგუფებს, რომლებიც განსაკუთრებულ მეთვალყურეობასა და აქტიურ მართვას საჭიროებენ.
პრევენციის მიზნით, ივანე ჩხაიძე მოსახლეობას ურჩევს, ინფიცირებული პირები ოჯახის წევრებისგან მაქსიმალურად იზოლირდნენ, ატარონ პირბადე, დაიცვან ხელების ჰიგიენა, რეგულარულად გაანიავონ საცხოვრებელი სივრცე და ჩაატარონ სველი წესით დასუფთავება.