„გამხნევდით, თქვენი პატრიარქი და მამა არ მომკვდარა, არამედ სძინავს... ილია მეორე ცოცხალთა სავანეშია განდიდებული, იმაზე უფრო მეტად ძლიერი, ვიდრე მაშინ, როდესაც ის თქვენს შორის იყო" - მსოფლიო პატრიარქის ქადაგება სამების ტაძარში

მსოფლიო პატრიარქი

 "გამხნევდით ძმანო და შვილნო, თქვენი პატრიარქი და მამა არ მომკვდარა, არამედ სძინავს. სწორედ პატრიარქ ილიაზეა ნათქვამი - მკვდარი ცოცხალია, ვამბობ, რამეთუ მართალნი მკვდარნიც ცოცხლობენ," - აღნიშნა სამების საკათედრო ტაძარში, წესის აგების მსახურების დასრულდების შემდეგ ქადაგებისას მსოფლიო პატრიარქმა, ბართლომეოს I-მა.

"იგი ცოცხლობს იქ, სადაცაა უხრწნელი ნათელი და ნეტარ სახილველნი, და ყოველივე წმინდა და უხილავი არს, ე.ი. ცოცხლობს სამება ღმერთის ყოვლად ნათელ სასუფეველში, რომლის პატივსაცემად თბილისში წმინდა სამების სახელობის ბრწყინვალე ტაძარში აღიმართა. იგი ცოცხლობს თავისი ერის წმინდანებთან ერთად, მოციქულთა სწორ წმინდა ნინოსთან, ქეთევანთან, ილარიონთან დავითთან და თბილისში წამებულ 100 000 მოწამესთან ერთად, ვიდრე მის თანამედროვე და მეგობარ ღირს ახალ გაბრიელ სალოსამდე.

მაშასადამე, ნუ მისცემთ მწუხარებას უფლებას, რათა დაგძლიოთ, კრძალვით დაიმარხეთ და დაიცავით მისი რჩევები და სწავლებები, სწორედ ეს იქნება მისი საუკეთესო მოსახსენებელი და გიხაროდენ, რამეთუ ახლა თქვენი სულიერი მამა, პატრიარქი ილია მეორე ცოცხალთა სავანეშია განდიდებული, იმაზე უფრო მეტად ძლიერი, ვიდრე მაშინ, როდესაც ის თქვენს შორის იყო და აქვს მას კადნიერება ღვთის საყდრის წინაშე თქვენთვის უმეტესი შემწეობისა და სიკეთის მომტანი. მაშ, მოწიწებით ეამბორეთ მის წმინდა მამობრივ მარჯვენას, გამოითხოვეთ მისი ლოცვა-კურთხევა და ჩვენთან ერთად გამოემშვიდობეთ მას," - აღნიშნა მსოფლიო პატრიარქმა.