თბილისში ბავშვს მანქანა დაეჯახა
1759867486
მომღერალი, მარიამ შენგელია, სცენაზე გამოჩენისთანავე იპყრობს ყურადღებას – არამხოლოდ თავისი ხმით, არამედ იმ შინაგანი სიმშვიდითა და სილაღით, რაც თითოეულ მის შესრულებას თან სდევს.
დამეთანხმებით, მარიამს თანამედროვე ქართულ მუსიკალურ სფეროში დასამახსოვრებელი ხმა აქვს. სწორედ ამიტომ, მან საქართველო წელს ევროვიზიაზე წარადგინა. ამის შემდეგ კი საზოგადოებისთვის, კიდევ უფრო ნაცნობი და საინტერესო ფიგურა გახდა.
მარიამი „პრაიმტაიმთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში გულწრფელად საუბრობს სხვადასხვა თემებზე და ახალ ამპლუაზე, რომელსაც წამყვანობა ჰქვია.
- მარიამ, პირველ რიგში შენს თავზე და პროფესიაზე მოგვიყევი, როგორ დაიწყო შენი მუსიკალური გზა?
- სიმღერასთან ცხოვრება, 5 წლიდან დავიწყე, ამ დროს აღმოაჩინეს ჩემმა მშობლებმა, რომ რაღაც შემიძლია, თუმცა ის, რომ გადაჭრით მომღერალი ვყოფილიყავი ეს არა, რადგან, ჩემს ოჯახში, სიმღერის ნიჭი არავის არ აქვს, მშობლებმაც იფიქრეს, რომ პატარა მონაცემები მქონდა. როდესაც უკვე ძალიან შემიყვარდა და ცხოვრების ნაწილი გახდა მუსიკა, შემდეგ შემიყვანეს და ამის მერე, ჩემი ოჯახი გვერდში მიდგას.
- რა იყო შენი მოტივაცია, რომ ევროვიზიაზე წასულიყავი და რას ნიშნავს იყო ქართველი ევროვიზიაზე?
- ჩემთვის ევროვიზია, ორ ემოციასთან ასოცირდება, პირველი, ის, რომ იმ დროს ჩემს ცხოვრებაში, იმდენად რთული პერიოდი იყო, რომ მახსენდება, შინაგანი ფორიაქი მეწყება, დადებითთან არ ასოცირდება, სტრესული პერიოდი იყო, თუმცა, ამავდროულად, სასიამოვნო პროცესებიც ახლდა თან. ჯერჯერობით, ჩემს ცხოვრებაში ყველაზე დიდი მიღწევაა, როდესაც ამხელა აუდიტორიის წინაშე გამოდიხარ. საქართველოს წარდგენა, ეს კიდე ცალკე პასუხისმგებლობაა, ამას სანამ სცენაზე არ დადგები, იქამდე ვერ ხვდები. ვხვდებოდი, რამხელა ამბავი იყო, თუმცა უშუალოდ სცენაზე დადგომის დროს, როდესაც ყურში მითვლიდნენ 3,2,1... აი მაშინ მივხვდი, რომ მთელი ქვეყანა ელოდებოდა, თუ როგორი გამოსვლა მექნებოდა.
- აღნიშნე, ამ ყველაფერს თან ახლა სტრესიო... გაგაძლიერა ამ ყველაფერმა?
- რა თქმა უნდა, და მომცა მოტივაცია, რომ სცენაზე მყარი ფსიქიკით ვმდგარიყავი, ჩემი აზრით, არსებობენ ორი კატეგორიის ადამიანები, ერთი - რომელსაც შეუძლიათ ამ ყველაფერთან გამკლავება და მეორე - რომლებიც უბრალოდ ვერ აგრძელებენ, ასეთი სტრესის ქვეშ ცხოვრებას. მე აღმოვჩნდი ის ადამიანი, რომელმაც ბევრი სტრესული პერიოდი ყოჩაღად გაიარა.
- მუსიკას, რომ თავი დავანებოთ როგორ გამოხატავ სხვაგვარად ემოციებს?
- ბოლო პერიოდში, ძალიან მიყვარს სახლში ყოფნა, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ყველას და ყველაფერს მირჩევნია სახლში ყოფნა, კომფორტულად ვარ ჩემს ძაღლთან, ამ დროს, ჩემს თავზე ბევრს ვმუშაობ. ადრე საკუთარ თავთან დარჩენის შიში მქონდა და ეს იყო ჩემი დისკომფორტი, არ მქონდა საკუთარ თავთან კომუნიკაცია, ძალიან გავურბოდი და სულ ვცდილობდი გარეთ ვყოფილიყავი. ახლა პირიქით, ჩემი კომფორტის ზონაა საკუთარ თავთან დარჩენა.
- რას ნიშნავს შენთვის კრიტიკა?
- ყველანაირი კრიტიკა არის ჩემთვის მისაღები, არ არსებობს ადამიანი, რომელიც წარმატების გზაზე მიდის და მისი გზა ია ვარდებით მოფენილი იყოს, ეს გააზრებული მაქვს ბავშვობიდან. ვიღაცას, რომ რაღაცა არ მოეწონოს, პირიქით ეს კარგია, ვიფიქრებ, რომ რაღაც შესაცვლელი მაქვს, თუმცა, აქაც არსებობს საზღვრები! არ შეიძლება სიძულვილის ენით საუბარი, კრიტიკა მისაღებია და ყველა ადამიანის აზრს გავითვალისწინებ, მაგრამ ეს ყველაფერი ზომის ფარგლებშია საჭირო. მუქარა და ისტერიკა მისაღები არ არის.
- რას ეტყოდი იმ ადამიანებს, ვინც ერთხელ მაინც სიტყვით ან თუნდაც საქციელით გაწყენინა?
გულწრფელად ვიტყვი, რომ არავისგან არაფერი გულთან ახლოს არ მიმიტანია. რომ გითხრა, რეალურად ვერ ავხსნი, იმ პერიოდის ჩემს მდგომარეობას, თითქოს ფარი მქონდა აწეული და მაგით ვიცავდი საკუთარ თავს, არ მინდოდა, რომ ადამიანებისგან მწყენოდა. არ მინდოდა, არ ვუშვებდი, რომ ვინმესგან რამე მწყენოდა.
- მოგვიყევი შენს ოჯახზე და გამზრდელ ბებოზე
- ბებიაჩემი არის ადამიანი, რომელიც ყველაზე მეტად მიყვარს მსოფლიოში. ბებო, 62 წლისაა და დაქალები ვართ. არ არსებობს თემა, რომელსაც ვერ მოვუყვები. ყველანაირად დამოკიდებული ვარ მასზე და ჩემი პირველი გულშემატკივარია. რა თქმა უნდა დედაჩემიც და ჩემი ოჯახის ყველა წევრი. ვერცერთს ვერ გამოვყოფ.
- შენს ახალ პროფესიაზე და გამოწვევებზე მოგვიყევი, როგორია წამყვანობა?
პირველ რიგში, მოვყვები როგორ დაიწყო ეს ყველაფერი. აგვისტოში, დედაჩემთან ვიყავი წასული გერმანიაში და მირეკავენ, რომ „რუსთავი 2-ში“ გიბარებენ და მობრძანდითო. მივედი და ბატონმა ბაკურმა ეგრევე მითხრა, რომ „შუადღის“ წამყვანი უნდა გახდეო. ჩემი პირველი კითხვა, იყო რატომ გგონია, რომ შემიძლია (იცინის) რადგან, ცხოვრებაში მსგავსი გამოცდილება არ მქონია, თან პირდაპირი ეთერი ბევრად საპასუხისმგებლოა, ვიდრე ჩაწერები. ძალიან მეშინოდა პირდაპირი ეთერის. მივედი აგვისტოს ბოლოს და 5 დღეში ეთერში გავდიოდით, არარეალური სიჩქარით მოვემზადე. ვგიჟდები გამოწვევებზე და მომწონს ეს ყველაფერი. „ცეკვავენ ვარსკვლავები“ იყო ჩემთვის დაუვიწყარი, რადგან იქ პირდაპირ ეთერში ცეკვავ, აქ ლაპარაკობ. თან მეშინოდა მაყურებლის, როგორ მიმიღებდნენ, თუმცა ვფიქრობ, რომ სწორი გადაწყვეტილება მივიღე. უდიდესი გამოცდილებაა და ძალიან მზრდის ეს პროცესი, „შუადღის“ გუნდი არის ოჯახი. ყველა პირდაპირ ეთერს ვუყურებ დასრულების შემდეგ და ვხედავ, რამდენად გაზრდილი ვარ, წინა ეთერთან შედარებით.
- სამომავლო გეგმები?
- რეალურად, მივხვდი, რაც უფრო ნაკლებს ვილაპარაკებ ჩემს სამომავლო გეგმებზე, მით უფრო კარგად წავა. ასე, რომ აუცილებლად გაიგებს ყველა, თუ რა იქნება. იმიტომ, რომ როცა რაღაც ხდება, ყოველთვის ისტერიკა მოჰყვება ამ ყველაფერს. ახლა გეტყვით, რომ კარგად ვარ და სამომავლოდაც ვფიქრობ, რომ ბევრად საინტერესო რაღაცები გელოდებათ ჩემგან.