ეს თერაპია „ცუდი“ ქოლესტერინის დონეს მნიშვნელოვნად ამცირებს - ახალი კვლევის შედეგები

ანალიზი

ახალმა საერთაშორისო კვლევამ აჩვენა, რომ ინოვაციური პრეპარატი ინკლისირანი (Inclisiran), რომელიც პაციენტს წელიწადში მხოლოდ ორჯერ უკეთდება, მნიშვნელოვნად ამცირებს დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების (LDL), ე.წ. „ცუდი“ ქოლესტერინის დონეს. ამის შესახებ ახალ კვლევაშია ნათქვამი. 

მეცნიერებმა 9 რანდომიზებული კვლევის მონაცემები გააანალიზეს, რომლებშიც საერთო ჯამში 6 355 პაციენტი მონაწილეობდა. შედეგების მიხედვით, პლაცებოსთან შედარებით ინკლისირანმა LDL ქოლესტერინის დონე საშუალოდ 49%-ით შეამცირა, მათ შორის იმ პაციენტებშიც, რომლებიც უკვე იღებდნენ სტატინებს.

პრეპარატი ღვიძლში მოქმედებს PCSK9 ცილაზე, რის შედეგადაც ორგანიზმი სისხლიდან „ცუდ“ ქოლესტერინს უფრო ეფექტურად აშორებს. მისი ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა მარტივი დოზირების სქემაა - საწყისი ინექციის შემდეგ მეორე დოზა კეთდება 3 თვეში, შემდეგ კი მხოლოდ ყოველ 6 თვეში ერთხელ.

ექსპერტების შეფასებით, ინკლისირანი განსაკუთრებით სასარგებლოა მაღალი გულ-სისხლძარღვთა რისკის მქონე პაციენტებისთვის, რომლებიც სტატინების მიუხედავად ვერ აღწევენ ქოლესტერინის მიზნობრივ დონეს ან უჭირთ მედიკამენტების ყოველდღიურად მიღება. თუმცა, კარდიოლოგები ხაზს უსვამენ, რომ სტატინები კვლავ რჩება პირველი არჩევანის თერაპიად, ხოლო ინკლისირანი მათ დამატებად განიხილება და არა შემცვლელად.

ამჟამად მიმდინარეობს ფართომასშტაბიანი კლინიკური კვლევები, რომლებმაც უნდა დაადგინონ, შეამცირებს თუ არა ინკლისირანი არა მხოლოდ ქოლესტერინის დონეს, არამედ გულის შეტევისა და ინსულტისგან გამოწვეული სიკვდილიანობის რისკსაც.