ელდარ შენგელაიას სამოქალაქო პანაშვიდი სიონის საკათედრო ტაძარში 7 აგვისტოს გაიმართება

ელდარ შენგელაია

ქართველი კინორეჟისორის, ელდარ შენგელაიას სამოქალაქო პანაშვიდი სიონის საკათედრო ტაძარში 7 აგვისტოს გაიმართება.

სამოქალაქო პანაშვიდი 12:00 საათზე დაიწყება და 14:00 საათზე ტაძრიდან გამოასვენებენ.

ქართველი კინორეჟისორი ელდარ შენგელაია 92 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ელდარ შენგელაიამ კინორეჟისორის უმაღლესი განათლება მიიღო კინემატოგრაფიის საკავშირო სახელმწიფო ინსტიტუტში. 1957-1959 წლებში მუშაობდა კინოსტუდია „მოსფილმში“. 1960 წლიდან გადავიდა კინოსტუდია „ქართულ ფილმში“. თავისი სადებიუტო ფილმი მან გადაიღო 1963 წელს თამაზ მელიავასთან ერთად. „თეთრი ქარავანი“ მწყემსთა ცხოვრების სირთულეს აღწერს.

ელდარ შენგელაიას ფილმებიდან აღსანიშნავია: „ლეგენდა ყინულის გულზე“, „თოვლის ზღაპარი“, „თეთრი ქარავანი“, „მიქელა“ (ნოველა კინოალმანახზე „წარსულის ფურცლები“), „არაჩვეულებრივი გამოფენა“, „შერეკილები“, „სამანიშვილის დედინაცვალი“, „ცისფერი მთები, ანუ დაუჯერებელი ამბავი“, „ექსპრეს-ინფორმაცია“, „Dog Rose“, „სავარძელი“, „ჭა“.

მიღებული აქვს საქართველოს ლენინური კომკავშირის პრემია, შრომის წითელი დროშის ორდენი, სსრკ-ის სახელმწიფო პრემია, შოთა რუსთაველის სახელობის პრემია, წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენი, წმიდა გიორგის ოქროს ორდენი, თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება.