1794936548
„ძალიან მაგარი ბიძა მომიკლეს… სამძიმარს ვუცხადებ ბიძაჩემის მკვლელსაც“ – რას წერს ვაკეში მომხდარ მკვლელობაზე მოკლულის ახლობელი
18 ნოემბერს, თბილისში, ნიკოლოზ ყიფშიძის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის მიწისქვეშა ავტოსადგომზე მკვლელობა მოხდა. მალევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ მოკლული 80 წლის ვახტანგ ჩიქოვანია.
სამართალდამცველებმა ცხელ კვალზე ჩატარებული საპოლიციო ღონისძიების შედეგად, განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს.
მომხდარს სოციალურ ქსელში ეხმაურება იურისტი ირაკლი ღლონტი, რომელიც წერს, რომ ვახტანგ ჩიქოვანი მისი ბიძაა. ამასთან, როგორც ირაკლი ღლონტი აღნიშნავს, ამ ეტაპზე მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები და ექსპერტიზა და ის ყველა დეტალს პირადად გაეცნობა.
„ძალიან მაგარი ბიძა მომიკლეს! კაცი, რომელიც მთელი ცხოვრების მანძილზე იდგა დაჩაგრულის მხარეს! კაცი, რომლის სიტყვა-პასუხი და საქციელი იყო მისი ყველაზე ძლიერი იარაღი! ჩემი ვახტანგ ჩიქოვანი, ჩემი ოსიკო ბიძია!!! ბევრჯერ მითქვამს და ახლაც ვიტყვი, ამჯერად მთელი ქალაქის და ქვეყნის გასაგონად, ვამაყობ ბიძაჩემო შენით და წარმოდგენაც კი არ მინდა შენ მკვლელს როგორ გაუძნელდება სიცოცხლე გისოსებს მიღმა, როცა გაიაზრებს ჩადენილს და სიმძიმეს…
შენს სულს და შენს ლამაზ სიცოცხლეს შემოვევლე მე, მარადიული ხსენება შენს სულს! ახლა გემრიელად ჩაიკრავ შენს ბადრის გულში და მარადიულად იქნებით ერთად! მიყვარხარ და ვამაყობ შენით!“, – დაწერა ირაკლი ღლონტმა სოციალურ ქსელში.










