„+26, +27 გრადუსი დაფიქსირდება...“ - ამინდის განახლებული პროგნოზი
1761074807
ნეიროფსიქოლოგი თამარ გაგოშიძე გადაცემაში "შუადღე" დისლექსიის დიაგნოზისა და იმ ნიშნების შესახებ საუბრობს, რომელთა დახმარებითაც მასწავლებელსა და მშობელს შეუძლია, პრობლემაზე ეჭვი მიიტანოს:
- ბავშვებთან, რომლებსაც კითხვა უჭირთ, მთავარი ის კი არ არის, რომ კითხვას ცუდად სწავლობენ, მთავარია ის, რომ მერე ამას მათი პიროვნების ჩამოყალიბებაზე, თვითშეფასებაზე, ემოციურ მდგომარეობაზე გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. დისლექსიის მქონე ადამიანების 50%-ს შეიძლება, ემოციური პრობლემები და დეპრესია ჰქონდეს. ეს ამერიკული და ბრიტანული მონაცემებია. ჩვენთვის, ფსიქოლოგებისთვის, ეს ყველაზე მნიშვნელოვანია. რადგან, როდესაც ადამიანს დაბალი თვითშეფასება აქვს, კითხვის გარდა რომ სხვა უნარები უკეთესი აქვს, ეს არ იცის და არ უნდა, რომ იცოდეს. ამიტომ, ამბობენ, რომ ადამიანი "ნიჭიერი, მაგრამ ზარმაცია".
დისლექსია ვიწრო მნიშვნელობით კითხვის უნარის დაქვეითებაა. მაგრამ, ფართო მნიშვნელობით ეს სიტყვით, ანუ ენით გაშუალებული უნარების დაქვეითებაა. შეიძლება, ადამიანს კარგი ინტელექტი ჰქონდეს, მაგრამ სიტყვიერ ინფორმაციას კარგად ვერ ამუშავებდეს. დღეს კლინიკურ-დიაგნოსტიკურ სახელმძღვანელოებში დისლექსია დამოუკიდებლად არ არის. ის დასწავლის უნარის დარღვევებში შედის წერისა და ანგარიშის უნარის დარღვევებთან, დისკალკულიასთან და დისგრაფიასთან ერთად. მაგრამ, მათგან დისლექსია ყველაზე მეტია.
ასეთ ბავშვებს კარგი გონება აქვთ და სპეციალისტთან ხანდახან საერთოდ არ მიჰყავთ. ისინი თავად ხვდებიან, რა უჭირთ. მამაკაცებში დისლექსიის პრობლემა პროცენტულად ბევრად უფრო მეტია. როგორც წესი, მშობელი და მასწავლებელი ჩვენთან არა კითხვის, არამედ ქცევის ჩივილით მოდის. ქცევის იმიტომ, რომ ზუსტად იმ გაკვეთილებზე, სადაც კითხვაა საჭირო, ბავშვი ცუდად იქცევა. როდესაც ბავშვთან ურთიერთობა გვაქვს, აღმოჩნდება, რომ ის იმიტომ იქცევა ცუდად, რომ ვერ კითხულობს. ბევრს უთქვამს ჩემთვის: "მირჩევნია, ვიყო უზრდელი, ვიდრე დებილი."
ამიტომ, რაც ბავშვის ქცევის უკან დგას, ამას კარგად უნდა ვხედავდეთ. ამოცნობის კრიტერიუმებიც არსებობს. თუმცა, ამასთან არასწორი ინფორმაციაც ბევრი ვრცელდება, ხანდახან პრობლემის რომანტიზება ხდება და რეალურად, ეს დამაზიანებელია.
რაც შეეხება დისლექსიის ამოცნობას, კითხვის ყველანაირი პრობლემა დისლექსია არ არის. თუ არ გამოვიკვლიეთ, სხვაობას ასე ვერ დავინახავთ. შესაძლოა, ვხედავთ, რომ ბავშვს კითხვა უჭირს. ამის უკან შესაძლოა, ბევრი რამ იყოს. მაგალითად: ენისა და მეტყველების განვითარების დარღვევა. არსებობს ტერმინი - "სუსტი მკითხველი", რომელიც დიაგნოსტიკურ სახელმძღვანელოში ვერ იქნება შესული, რადგანაც ასეთ დროს ადამიანის ორივე ჰემისფერო ინფორმაციას ნელა ამუშავებს. ეს დისლექსია არ არის.
დისლექსიის ამოცნობა საბავშვო ბაღში შეიძლება. კითხვა ძალიან რთული პროცესია. წარმოიდგინეთ, სიმბოლო აზრად უნდა იქცეს. დისლექსიის დიაგნოზის მქონე ადამიანმა იცის, ეს რამდენად რთულია. მათთვის გაუგებარი სიმბოლო ჯერ ბგერად უნდა იქცეს და მერე აზრად. კითხვა სიმბოლოების დეკოდირების პროცესია. დეკოდირების უნარი ტვინის განვითარებასთან ერთად ვითარდება. თუ ბავშვს კითხვის პრობლემა აქვს, ცხადია, სანამ კითხვას არ დაიწყებს, იქამდე ვერ მივხვდებით. აბა, რას მივხვდებით საბავშვო ბაღში?
იმისათვის, რომ ბავშვმა დეკოდირება გააკეთოს, ბგერები კარგად უნდა ესმოდეს. მაგალითად, "ფ" და "ბ", "გ" და "კ" უნდა განასხვაოს, "მაბა" "მამა" არ უნდა ეგონოს, "გაგა" "გადა" არ უნდა ეგონოს. ფონემატური და ფონოლოგიური სმენა აუცილებელია ბავშვს განუვითარდეს. ეს თავისით არ ვითარდება.
ამიტომ, როდესაც საბავშვო ბაღში ბავშვს წერა-კითხვას ვასწავლით, ეს სწორი არ არის. მაგრამ, სწორია, როცა ფონოლოგიურ ცნობიერებას ვასწავლით და ვუმაღლებთ. ფონოლოგიური ცნობიერება რა არის? - "კ" - "ა" - "ტ" - "ა" - რას ნიშნავს ამას ჩვენ ხომ ვხვდებით? დისლექსიის მქონე ბავშვი ვერ ხვდება. ეს უკვე საგანგაშოა. თუ ბავშვი სკოლამდე მარცვლებში ბგერებს ვერ იგებს, ვერ ახერხებს გარითმვას, ფონემების ამოცნობას, 4,5-5 წლის ბავშვი "გარგარში" არის თუ არა ბგერა "რ" თუ ვერ ამბობს, ესე იგი მას კითხვის პრობლემა ექნება.
საბავშვო ბაღის მასწავლებელს სჭირდება გამოცდილება, რომ დააკვირდეს და ნახოს, ბავშვს როგორი ფონოლოგიური ცნობიერება აქვს. ტესტი არ არის პანაცეა. რიცხვებს რომ მივიღებთ კონკრეტულ ტესტში, იმის უკან ინტერპრეტაციაა. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, ბავშვი რატომ ვერ კითხულობს და რატომ აქვს ასეთი ფონოლოგია. არსებობს "ირლენის სინდრომი", როცა ბავშვი ვერ კითხულობს, მაგრამ დისლექსიას არ ვეძახით იმიტომ, რომ საკმარისია, თეთრი ფურცელი ფერადით შევცვალოთ, ის წაიკითხავს. ამას ხომ დაკვირვება სჭირდება? ეს არის ჩვენი პრობლემა. ბავშვს არ ვუყურებთ. დისლექსიის უამრავი მიმართულებაა. აღმოჩენისა და დახმარების ერთი მეთოდი ბუნებაში არ არსებობს. ინდივიდს უნდა ვუყუროთ და ძალიან ბევრი უნდა ვიმუშაოთ იმაზე, რომ გავიგოთ, ამ უზარმაზარ სისტემაში სად აქვს ჩავარდნა, რომ მასზე პროგრამა ავაგოთ. ყველას თავისი მიზეზი აქვს. თუ ბავშვს მხოლოდ ვავარჯიშებთ, ის არ უშველის. ეს არის მთავარი.