დიდთოვლობის გამო გზის გარკვეულ მონაკვეთებზე შეზღუდვებია დაწესებული - განახლებული ინფორმაცია

გოდერძის უღელტეხილი-ბეშუმის გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

ლარსის მიმართულებით მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილება თავისუფლადაა შესაძლებელი, ისევე როგორც გუდაურის მიმართულებით. რჩება გარკვეული შეზღუდვები მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ტრანსპორტისათვის, მათ შორის ნაქერალას უღელტეხილზე, საჩხერე-რაჭის გზაზე და აიაზმა-ნინოწმინდის მონაკვეთზე. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ისევ შეზღუდულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა ფარავნის უღელტეხილზე, ასევე კურორტ გოდერძისა და ცაგერი-ლენტეხის მონაკვეთზე.

„ინტენსიური გაწმენდითი სამუშოების შედეგად უკვე გაწმენდილია და მსუბუქი ტრანსპორტისთვის აღდგენილია მოძრაობა ლარსის მიმართულებით, მაგრამ კვლავ ნარჩუნდება შეზღუდვა მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტო ტრანსპორტისთვის. რაც შეეხება გუდაურამდე მისასვლელ გზას, ის დილიდანვე გახსნილი იყო მსუბუქი ავტოტრანსპორტისთვის, სხვა საერთაშორისო მნიშვნელობის გზებზე მოძრაობა თავისუფალია.

ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეზღუდულია ფარავნის უღელტეხილზე; ნიჩბისი-დიდგორი-დიდი თონეთის გზაზე; ცაგერი-ლენტეხის მონაკვეთსა და ბათუმი-ახალციხის გზაზე, კურორტ გოდერძიზე, უტყისუბნის მონაკვეთზე“, - განაცხადა საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი ორმოცაძემ.