რა ქონებას ფლობს შორენა ბეგაშვილის რჩეული
1771099147
15 თებერვალი მირქმა (მიგებება) ერთ-ერთია 12 საუფლო დღესასწაულთა შორის. მირქმა გულში ჩახუტებას ნიშნავს. სწორედ გულში ჩაიხუტა მხრცოვანმა სვიმეონმა ყრმა იესო.
„მირქმა-მიგებების“ დღესასწაული ეს არის დიდი ზეიმი, - კაცობრიობის მხსნელის დაბადების შესახებ ტაძარში გაცხადებული პირველი მოწმობა და, ამდენად, დადასტურება იმისა, რომ „ბნელი იგი განგვეშორა და დღე შემოგვეახლა,“ რომ დასრულდა ტანჯვისა და სიკვდილის მეფობა და გაიხსნა გზა ცათა სასუფევლისა. ამიტომაც არის „მირქმა“ სინათლისა და სიხარულის დღესასწაული.
ამ დღეს, ასევე, გადიან საფლავებზე, რათა მიცვალებულებსაც ახარონ უფლის განკაცება, მისი ტაძარში მოსვლა და სიხარული იმისა, რომ სიკვდილის შიში დაძლეულია, რომ ძველი აღთქმის მართალნიც და მაცხოვრის რწმენით შესვენებულნიც ამიერიდან მშვიდობასა და ნეტარებაში განისვენებენ.
2021 წლის 15 თებერვალს - მირქმა მიგებების დღესასწაულზე პატრიარქმა შემდეგი იქადაგა: "დღეს განწმენდის დღეა. დღეს წყალობა ღვთისა განსაკუთრებით სუფევს ჩვენზედა. დღეს არის დღე, როდესაც შვილები ლოცავენ თავიანთ მშობლებს. თქვენც დალოცეთ თქვენი მშობლები და ისინი დაგლოცავენ თქვენ. წყალობა მშვიდობა სიხარული და სიყვარული სუფევდეს ჩვენს შორის და ჩვენთან. ჩვენთან არს ღმერთი."
ამ დღეს იკურთხება სანთლები. 15 თებერვალს სვანეთში ლამპრობას, "სვიმნიშობას" აღნიშნავენ. ლამპრობა აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებშიც აღინიშნებოდა და ბარშიც, ხშირად - გურიაშიც. ლამპრობას ქრისტეშობიდან მეორმოცე დღეს აღნიშნავდნენ.
"დიდი დღესასწაულები დიდი შუქითა და სინათლით აღინიშნებოდა. მაცხოვარს მზე სინათლისა და ნათელი ეწოდება. საქართველოს ეკლესია ერთ-ერთი უძველესი ეკლესიაა მსოფლიოში, საქრისტიანოში. უდიდესი მემკვიდრეობა და ტრადიცია გვაქვს შემონახული. ბევრი დღესასწაული შესაბამისი პატივით არ აღინიშნება იმ ათეისტური პერიოდის გამო, რომელშიც ვიყავით. ერთ-ერთი ასეთი დღესასწაულია ლამპრობა, რომელიც უწმინდესმა აღადგინა.
მირქმის დღესასწაული მიცვალებულთა მოხსენიების დღეც არის - მართალი სვიმეონის მშვიდად გარდაცვალების გამო. ამიტომ არის ლამპრობისას ტაძრებში და სასაფლაოებზე სანთლების, არყის და მუხის ლამპრების დაწვა. ეს არის წარსულისა და აწმყოს შეხვედრა. ეს არის თაობათა შეხვედრა, განახლება და ღვთის დიდების ხელახლა დაწყება.
ეს არის ღმერთთან შეხვედრა, წარსულის მოგონება, აწმყოს დალოცვა.
ამ დღეს სანთლების კურთხევაც მისი უწმინდესობის მიერ აღდგა სხვა ლამაზი ტრადიციების მსგავსად" - ერთსულოვნების ეთერში განაცხადა ღვთისმსახურმა.