დემენციის რისკი, შესაძლოა, ათწლეულებით ადრე გამოვლინდეს - მეცნიერებმა სისხლში კონკრეტულ ცილას მიაგნეს

დემენცია

დემენციის რისკი დიაგნოზამდე ათწლეულებით ადრე შეიძლება გამოვლინდეს. შუახნის ასაკში სისხლში ერთი კონკრეტული ბიომარკერის გაზომვამ შესაძლოა გვაჩვენოს, რამდენად მაღალია მომავალში დემენციის განვითარების რისკი.

ეს ცილა GDF15-ია. კვლევებმა აჩვენა, რომ შუახნის ასაკში სისხლში მისი მაღალი დონე მომავალში დემენციის, განსაკუთრებით სისხლძარღვოვანი დემენციის, გაზრდილ რისკთან არის დაკავშირებული. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ GDF15 შესაძლოა მეტაბოლურ და იმუნურ პროცესებზე მოქმედებდეს, რომლებიც დემენციის განვითარებას უკავშირდება.

ამ კვლევის მთავარი სიახლე ისაა, რომ ეს კავშირი 55 წლამდე ასაკშიც ვლინდება. მკვლევრებმა ექვსი დამოუკიდებელი კვლევის მონაცემები გააანალიზეს, რომლებშიც ათეულობით ათასი ადამიანი მონაწილეობდა აშშ-დან, დიდი ბრიტანეთიდან, ისლანდიიდან და იაპონიიდან.

კვლევამ აჩვენა, რომ სისხლში GDF15-ის მაღალი დონე დემენციის, განსაკუთრებით ვასკულარული დემენციის, გაზრდილ რისკთან არის დაკავშირებული. მკვლევრებმა ასევე შეისწავლეს გენეტიკური მონაცემები, ტვინის სკანირებები და ცერებროსპინალური სითხე, რათა ეს კავშირი უკეთ გამოეკვლიათ.

კავშირი აქაც გამოიკვეთა - სისხლში GDF15-ის მაღალი დონე დაკავშირებული იყო ცერებროსპინალურ სითხეში ამავე ცილის მაღალ მაჩვენებელთან და ტვინის ზომის შემცირებასთან, თუმცა არა ალცჰაიმერთან დაკავშირებული ამილოიდ-ბეტას დაგროვებასთან.

მკვლევრებმა პლაზმასა და ცერებროსპინალურ სითხეში GDF15-ის დონეებს შორის ძლიერი კავშირი აღმოაჩინეს, რაც შესაძლოა მიუთითებდეს, რომ სისხლში არსებული GDF15 ცენტრალურ ნერვულ სისტემაშიც აღწევს.

ლაბორატორიულმა კვლევებმა აჩვენა, რომ GDF15 შესაძლოა არღვევდეს იმუნური პასუხისა და უჯრედებში ენერგიის მართვის ნორმალურ პროცესებს. ეს შესაძლოა ერთ-ერთი მიზეზი იყოს, რის გამოც GDF15 დემენციის განვითარებას უკავშირდება.

GDF15 ორგანიზმში მიმდინარე ბევრ უჯრედულ პროცესში მონაწილეობს და მისი ერთ-ერთი მთავარი ფუნქცია იმუნური სისტემის კონტროლია. კვლევები ასევე აჩვენებს, რომ მას შეუძლია, მაგალითად, კიბოს გავრცელების დათრგუნვა.

მეტი კვლევაა საჭირო, თუმცა მეცნიერები ვარაუდობენ, რომ GDF15-მა შესაძლოა იმუნური სისტემა ზედმეტად შეაფერხოს და ტვინი უფრო დაუცველი გახადოს. მომავალში კი ეს ცილა შესაძლოა დემენციის გაზრდილი რისკის ადრეულად გამოსავლენად და დაავადების უკეთ შესასწავლად გამოიყენონ.