1765353840
დედაქალაქის მთავარი ნაძვის ხე აინთო
პირველი რესპუბლიკის მოედანზე დედაქალაქის მთავარი ნაძვის ხე საზეიმოდ აინთო.
ნაძვის ხის ანთებამდე მოეწყო თეატრალიზებული მუსიკალური წარმოდგენა, აკრობატული და საცეკვაო ნომრები. გათამაშდა ოსკარ უაილდის ცნობილი ზღაპრის, „ვარსკვლავბიჭუნას“ ფინალური სცენა.
ღონისძიებას ესწრებოდნენ დედაქალაქის მერი კახა კალაძე, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი.
თბილისის მერმა კახა კალაძემ მოსახლეობას დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა.
„მივესალმები სრულიად საქართველოს, ყველა რეგიონს, ქალაქს, სოფელს, მივესალმები უცხოეთში მყოფ ჩვენს თანამემამულეებს, მივესალმები საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს, პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს, განსაკუთრებული პატივისცემით მივესალმები თბილისს. განსაკუთრებული სიყვარულით მივესალმები აქ მყოფ პატარებს, რომელთა გაბრწყინებული, გალაღებული, ბედნიერი სახეები, ახალი წლის მოლოდინი სიკეთით ავსებს ჩვენს ულამაზეს დედაქალაქს. რამდენიმე წუთში აინთება დედაქალაქის მთავარი ნაძვის ხე. ასევე დღეიდან გაიხსნება საახალწლო სოფელი, რომელიც ყოველთვის განსაკუთრებულ მოგონებებთან, ემოციებთან არის დაკავშირებული. დარწმუნებულ ვარ, წელსაც განსაკუთრებული იქნება ჩვენი დედაქალაქი. ნაძვის ხის ანთებისას ყოველთვის იფიქრებენ სურვილებს. ცხადია, სურვილები ბევრია, მაგრამ რის ერთი განსაკუთრებული, ეს არის მშვიდობა, რადგან მშვიდობას მოაქვს სიკეთე, განვითარება, წინსვლა და კეთილდღეობა. დაე, მშვიდობა სუფევდეს სრულიად საქართველოში, მთელ მსოფლიოში. სიკეთით სავსე იყოს ჩვენი ულამაზესი თბილისი და ჩვენი საქართველო. გილოცავთ წინასწარ შობა ახალ-წელს, საახალწლო დღეების დაწყება“, – განაცხადა კახა კალაძემ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.
წლევანდელი საახალწლო სლოგანია „სიკეთით სავსე ქალაქი“.











