დამოუკიდებლობა არ არის არჩევანი, ეს არის ისეთი მოცემულობა, რომლის გარეშეც ჩვენს ერს არსებობა არ შეუძლია - ნუკრი შოშიაშვილი

ნუკრი შოშიაშვილი

"მივიჩნევ, რომ დამოუკიდებლობა, ეს არ არის არჩევანი - ეს არის ისეთი მოცემულობა, რომლის გარეშეც ჩვენს ერს არსებობა არ შეუძლია," - განაცხადა ისტორიკოსმა ნუკრი შოშიაშვილმა "რუსთავი 2-ის" გადაცემა "დებატებში".

მისი თქმით, ეროვნული სულისკვეთება საბჭოთა პერიოდშიც კი ცოცხლობდა და თავს იჩენდა იმ ინსტიტუციებშიც კი, რომლებიც, იდეაში, მის წინააღმდეგ უნდა ყოფილიყო მიმართული.

"მივიჩნევ, რომ დამოუკიდებლობა, ეს არ არის არჩევანი - ეს არის ისეთი მოცემულობა, რომლის გარეშეც ჩვენს ერს არსებობა არ შეუძლია. რომ ავიღოთ ჩვენი ერის ისტორია, თუნდაც საბჭოთა კავშირის დროს, ვნახავთ, რომ იმ ინსტიტუციებშიც კი, რომლებიც დამოუკიდებლობის წინააღმდეგ უნდა ყოფილიყო, ჩნდებოდნენ ადამიანები, რომლებიც დამოუკიდებლობის იდეას ავითარებდნენ.

ჩვენ ყველამ ვიცით, რომ განათლება, წესით, უნდა ყოფილიყო იდეოლოგიური საბჭოთა კავშირში, მაგრამ სწორედ ამ განათლების სისტემამ შექმნა ის ნაციონალური, ეროვნული იდეალები, რომლებიც მერე პოლიტიკაში გადავიდა.

საუბარი იყო მილიციაზე - იდეაში, მილიციას უნდა დაეშალა ეს მომიტინგეები და უნდა ყოფილიყვნენ მტრები ამ დამოუკიდებლობის, მაგრამ სწორედ ამ მილიციამ, კრიტიკულ მომენტში, სხვა პოზიციები დაიკავა. ეს რატომ ხდება - ჩნდება მოცემულობა, როცა შენი პირადი ხედვა და დამოკიდებულება გვერდზე გადადის და საერთო ნება შემოდის შენში და ეს საერთო ნება არის ჩვენთვის დამოუკიდებლობის იდეა," - განაცხადა ნუკრი შოშიაშვილმა.