დაკისრებული ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო ექვს თვეში 34 მოვაჭრე დაჯარიმდა

კონკურენციის და მომხმარებლის დაცვის სააგენტო

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს (GCCA) მიერ დაკისრებული ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო, 2025 წლის ექვს თვეში 34 მოვაჭრე - 68 საქმეზე დაჯარიმდა, ჯამში - 29 018 ლარის ოდენობით.

საკითხი ეხება - „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტს, რომლის საფუძველზეც, GCCA-ის გადაწყვეტილების შესაბამისად, მოვაჭრეებს ევალებოდათ - თავისი სავაჭრო პოლიტიკის კანონის შესაბამისი მუხლების მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანა.

კერძოდ, GCCA-ის მიერ წარმოებული მიმდინარე მონიტორინგის ფარგლებში დადგინდა, რომ უწყების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები არ შესრულდა. შესაბამისად, „ინფინიტი ენერჯი ს კ“, „სნიკერ სტუდიო“, „გეო ვორლდ შოპინგი“, „იქომერს.ჯორჯია 2023“, „კარგო ჯორჯია“, „ქეი.ენ.ჯი ველნესი", „გლას სტუდიო 1“, „დილსი“, „სამი“ და სხვა მოვაჭრეები დაჯარიმდნენ.

GCCA-ის განმარტებით, ჯარიმის დაკისრება მოვაჭრეებს სააგენტოს გადაწყვეტილების შესრულების ვალდებულებისგან არ ათავისუფლებს. ასევე, დაჯარიმების პროცედურას უწყება იწყებს მას შემდეგ, რაც დარღვევის დადასტურების შემდეგ - კომპანია მომხმარებლის უფლებების დაცვის მიმართულებით გაცემულ ვალდებულებებს არ შეასრულებს.

დარღვევის დადასტურების შემთხვევაში, GCCA-ის გადაწყვეტილების დადგენილ ვადაში შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში, მოვაჭრეს ჯარიმა ეკისრება, რომლის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს მოვაჭრის წინა ფინანსური წლის წლიური ბრუნვის 2%-ს. ამასთანავე, იგი 600 ლარზე ნაკლები არ უნდა იყოს. 12 თვის განმავლობაში მოვაჭრის მიერ დარღვევის გამეორება გამოიწვევს დაკისრებული ჯარიმის გაორმაგებას.