ჩემს სადარბაზოში მოხდა აფეთქება და ჩემი შვილები გადაარჩინეს მაშველებმა - ფონიჭალაში მომხდარი აფეთქების შედეგად დაზარალებული 150-მდე პირი სხვადასხვა სასტუმროში გადაანაწილეს

ადგილობრივი

ფონიჭალაში მომხდარი აფეთქების შედეგად დაზარალებული 150-მდე პირი სხვადასხვა სასტუმროში გადაანაწილეს. სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს შეფასების მიხედვით, აფეთქების ადგილზე მხოლოდ ორი სადარბაზოა პრობლემური.

დროებით საცხოვრებელში გადაყვანილებს დახმარებას მუნიციპალიტეტი გაუწევს. საუბარია დაახლოებით 28 ოჯახზე.

"კრწანისის რაიონის გამგეობის თანამშრომლებმა მოგვიყვანეს. აქ არიან ჩემი მეზობლები, ყველანი აქ არ ვართ, სხვადასხვა სასტუმროში ვართ. თავშესაფრის გარეშე ვიყავით. გვციოდა გარეთ და ასე ვიყავით დარჩენილები. ჩემი ბინა არის მთლიანად დაზიანებული, იქ ცხოვრება საშიშია ძალიან. ჩემს სადარბაზოში მოხდა აფეთქება და, რა ვიცი, ჩემი შვილები გადაარჩინეს მაშველებმა", - ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი, ირმა თოდაძე.

6 გარდაცვლილი და 5 დაშავებული - ასეთია ფონიჭალაში მომხდარი ტრაგედიის შედეგი. დაშავებულები კლინიკაში რჩებიან. შემთხვევის ადგილზე კვლავ მობილიზებულია შესაბამისი სამსახურები. ძებნა-შველის 15-საათიანი უწყვეტი ოპერაცია გვიან ღამით დასრულდა, საგამოძიებო მოქმედებები კი ამ დრომდე გრძელდება.

✕